ამერიკის ხმა: აშშ-ის ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს

დასავლელი ლიდერები, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა გამოვლენილი დარღვევის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამასთან, მიუთითებენ, რომ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს არ უთქვამთ, რომ 26 ოქტომბერს გამართული თავისუფალი და სამართლიანი იყო. კრიტიკული განცხადებები გააკეთეს, როგორც ევროკავშირის ლიდერებმა და წევრი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა, ასევე ამერიკის პრეზიდენტმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა.
საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა.
“არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა უფრო მეტად გვაშფოთებს, ვიდრე იქამდე. იყო წინასაარჩევნო პერიოდში გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი შეშფოთება იმ მიმართულების გათვალისწინებით, რომლითაც ქვეყანა და კონკრეტულად ხელისუფლება მიდიოდა. ეს მოიცავდა ე.წ. უცხოური გავლენის კანონს. მაგრამ, არჩევნებმა, უცხოური გავლენის კანონმდებლობის მიღმა, დამატებითი შეშფოთების მთელი რიგი გამოიწვია – ადმინისტრაციული რესურსების ამდენი არასწორად გამოყენების და როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების შემთხვევების გამო. ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებაში თუ რამდენად პრობლემურად ჩატარდა არჩევნები”, – აცხადებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შტატების ოფიციალური პირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები დამოუკიდებელი მექანიზმით უნდა გამოიძიოს.
“იმისთვის, რომ [გამოძიება] მიუკერძოებელი იყოს, საქართველოს მთავრობამ ის მიუკერძოებელი მექანიზმით უნდა ჩაატაროს. შესაძლოა საერთაშორისო მექანიზმით ან ისეთი მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ან ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა გამოიძიონ ზოგიერთი საკითხი. რადგან, თუ ამ დარღვევებზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია, არ არის მიზანშეწონილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს. მე კონკრეტული მექანიზმი მხედველობაში არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი ნდობისთვის, გამოძიების მიუკერძოებელი მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – ამბობს -ის ოფიციალური პირი.
წყარო: ამერიკის ხმა