ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ, მოსკოვში შეხვედრები გამართეს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოდისეი ბიგვავას და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელს ჟენევის დისკუსიებზე კონსტანტინ კოჩიევს უმასპინძლა.
ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსკოვის, ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლებმა განიხილეს დიალოგის ფორმატის პრიორიტეტული ამოცანები.
“აღნიშნული იქნა მოკავშირეებს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობა მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის საერთო მიდგომების შესაბამისად რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოსთან იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. აგრეთვე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკირებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღარაფერია ნათქვამი ჟენევის დისკუსიის ფორმატის და ადგილმდებარეობის შეცვლის მოთხოვნის შესახებ.
ამ საკითხს მოსკოვი ე.წ მოკავშირეებთან ერთად დიდი ხანია აყენებს, თუმცა 8 ოქტომბერს, ცხინვალში ჩასულმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ღიად განაცხადეს, რომ დისკუსიის ადგილის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
გაერო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია(ეუთო) და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ ცხინვალში, 8 ოქტომბერს, ჟურნალისტებს განუცხადა გაეროს დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ჯიჰან სულთანოღლუმ.
„ჟენევის დისკუსიები, თავისი განმარტებით და დამფუძნებელი დოკუმენტების მიხედვით, ჟენევაში უნდა იმართებოდეს. აქედან გამომდინარე, სამივე ორგანიზაცია, რომლებიც თანათავმჯდომარეებს წარმოადგენენ – გაერო, ეუთო და ევროკავშირი – მხარს დაუჭერენ ჟენევას, როგორც [შეხვედრების] ადგილის შენარჩუნებას”, – განაცხადა სულთანოღლუმ.
მისი სიტყვებით, ჟენევის დისკუსიების გადატანის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მონაწილეთა შორის კონსენსუსის გზით უნდა მიიღწეს და ამ ეტაპზე ამის წინაპირობები არ არსებობს.
7 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ უმასპინძლა.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების – რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის შეხვედრების რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“ და მიუთითა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ წარმართვის აუცილებლობაზე.
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეეხო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დისკუსიების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის თემასაც და თქვა:
„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა შევხედავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება“, – თქვა ლავროვმა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში.
ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს ჟენევაში გაიმართება.