BBC ორი ამერიკული ორგანიზაციის, HarrisX-ისა და Edison Research-ის შეფასებებს ეხმაურება და წერს, რომ ორგანიზაციების ცნობით, გასულ კვირას, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები სტატისტიკურად აზრს მოკლებულია და მისი ლოგიკური ახსნა შეუძლებელია.
გამოცემის ინფორმაციით, ქართველმა დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხმის მიცემისას არაერთი დარღვევა, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიულეტინების გაყალბება და არჩევნების წინ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.
ამასთან, BBC აღნიშნავს, რომ ოცნების მტკიცებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, თუმცა მმართველი პარტია “რამდენიმე” საარჩევნო უბანზე დარღვევებს აღიარებს.
“Edison Research-ისა და HarrisX-ის შეფასებები ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიზანს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევენ, ხელს შეუწყობს”, – წერს BBC.