ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე საუბრისას რამდენიმე მაგალითი დაასახელა, რომლითაც მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.
“დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გვევლინება ფაქტი, რომ ხმის მიცემის აპარატების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონილი მარკერის სავსებით ხილვად კვალს. კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებად ფიქსირდება ფაქტი, რომ უშუალოდ ელექტრონული ხმის მიცემის აპარატთან იდგა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული უბნის, ქართული ოცნების კომისიის წევრი, რომელიც ვიდეო თვალთვალთან ერთად, მანუალურად აფიქსირებდა და აკონტროლებდა ამომრჩევლის არჩევანს.
აღნიშნულს განსაკუთრებით აადვილებდა საარჩევნო სუბიექტების ნუმერაცია. ზეწოლის ქვეშ გაკეთებული სახელისუფლებო არჩევანის დაფიქსირება აპარატთან მდგომი ქართული ოცნების კომისიის წევრის მიერ იყო უკიდურესად მარტივი, რადგან ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას და ამას დაადასტურებს ყველა ადამიანი, ვინც ელექტრონული წესით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ცხადად ჩანდა ბიულეტენის ქვედა ნაწილში მარკერის სრულიად ხილვადი კვალი, მაშინ როცა ბარიერ გადალახული ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის ნომერი იყო ბიულეტენის ან შუა, ან ზედა ნაწილში, საარჩევნო სუბიექტების ნუმერაციიდან გამომდინარე, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და რომელზეც აკეთებდნენ არჩევანს ამომრჩეველთა უმრავლესობა”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც გუშინ რუსთავი 2-ის ეთერშიც ირწმუნებოდა, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეების ხმის ფარულობა არ დარღვეულა.