“ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომატირებული იყო დაკვირვების 25 პროცენტში” – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია საუბრობს საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის რისკებზე.
კენჭისყრის დღის შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია როგორც ხმის ფარულობაზე, ისე სხვა ტიპის დარღვევებზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ აღწერილ დარღვევების ნაწილი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ნაწილი კი დაინტერესებული მხარეების მიერ პროცესში უხეშად ჩარევის მცდელობებთან.
“საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების უმრავლესობას გაუჭირდა ხმების დამთვლელი მოწყობილობის გამოყენება. ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომატირებული იყო დაკვირვების 25 პროცენტში საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხშირად მიუთითებდნენ ამომრჩევლებზე ზეწოლისა, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა სიჭარბისა და ასევე პროცედურების არათანმიმდევრული დაცვის ფაქტებზე. ბევრ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცესის ვიდეოგადაღებას ახორციელებდნენ ან აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს, რაც შეშფოთებას ზრდის სავარაუდო დაშინების თაობაზე. ადგილობრივი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელ დამკვირვებელთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესში ზრდის გამჭვირვალობას, თუმცა ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი საარჩევნო სუბიექტის სახელით მოქმედებდა. ხმების დათვლის დროს, პროცედურის გარკვეული ეტაპების უგულებელყოფა ხდებოდა, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტენებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ, არ ხდებოდა გაკეთებული არჩევანის ხმამაღლა გამოცხადება და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ასევე აღნიშნა, რომ ბიულეტენის ნამდვილობის განსაზღვრის დროს თანმიმდევრულობა არ იყო დაცული”, – აღნიშნულა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებაში.
სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურები ცესკოს მიერ წინასწარ კარგად იყო ორგანიზებული, კენჭისყრის დღე მანიც “ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე”.
ეუთო/ოდირის შეფასებით, კენჭისყრამ მკვეთრი პოლარიზაციის ფონზე ჩაიარა, რისი საფუძველიც იყო იქამდე მიღებული არაერთი პრობლემური კანონი და მათი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამ პოლარიზაციის გამოძახილია იყო წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკა და ვიზუალური მასალები, რამაც, საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, კიდევ უფრო გააღრმავა მხარეთა შორის განხეთქილება.
“პოლიტიკური ლანდშაფტი ხასიათდებოდა უწყვეტი და დამკვიდრებული პოლარიზებითა და მძაფრი ანტაგონიზმით, რომლის ერთი მხრეს მთავრობა იდგა, მეორე მხრეს კი ოპოზიციის ნაწილი და პრეზიდენტის აპარატი”, – წერია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ განხეთქილების ძირითად საფუძველი იყო რუსული კანონი და ევროპისა და -ს მიმართ “მზარდი კრიტიკული რიტორიკა” ხელისუფლების მხრიდან.
აქვეა აღნიშნული, რომ წინასაარჩევნო გზავნილებში ჭარბობდა გეოპოლიტიკური საკითხები: ხელისუფლება ამომრჩეველს არჩევანსა მასა და ოპოზიციას შორის წარმოაჩენდა როგორც არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის, ოპოზიცია კი – რუსეთსა და ევროკავშირს შორის.
ანგარიშში საუბარია კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვაზეც. დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლის შემთხვევებს. ორივე ეს ფაქტორი ერთად აჩენს ეჭვებს, რომ ამომრჩევლები “ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე”.
სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ზოგადად, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას იძლევა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. თუმცა, ისინი უარყოფითად აფასებენ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს და აცხადებენ, რომ ცვლილებები “შეშფოთებას ზრდის კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით”. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც არჩევნებამდე რამდენიმე თვის შუალედში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, არ შეესაბამებოდა ეუთო/ოდირისა თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
მათ შორის აღსანიშნავია გენდერული კვოტების გაუქმებაც. დოკუმენტში უარყოფითადაა შეფასებული საარჩევნო პროცესებში ქალთა დაბალი წარმომადგენლობა.
“პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა სიებში ქალები დაახლოებით 29 პროცენტს შეადგენდნენ, რაც 2020 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ვარდნაა, და მათი უმრავლესობა არაარჩევით თანამდებობებზეა წარმოდგენილი. არჩევით თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობის სიმცირე, რასაც თან ერთვის პოზიტიური საკანონმდებლო ზომების გაუქმება, დამატებით ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაზე. პოლიტიკაში ჩართული ქალები კვლავაც უპირისპირდებიან დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, პოლიტიკურ პარტიებში არსებულ გამოწვევებსა და ძალადობის სხვადასხვა ფორმას. პოლიტიკური პარტიების პროგრამებში შესამჩნევი იყო კონკრეტულად ქალებზე მიმართული გზავნილების სიმცირე და არ ითვალისწინებდა ქალთა მონაწილეობას მათ წინასაარჩევნო კამპანიებში. დაბალი რანგის საარჩევნო კომისიების წევრთა უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17 წევრიდან მხოლოდ 4 იყო ქალი”, – წერია დოკუმენტში.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მკვეთრი დისბალანსი არსებობდა საარჩევნო სუბიექტების ფინანსურ რესურსებს შორის, რასაც ემატებოდა მმართველი პარტიის უპირატესობა, ესარგებლათ დაკავებული სახელმწიფო თანამდებობებით. ანგარიშის მიხევდით, წინასაარჩევნო პერიოდში, ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის მთლიანად იყო წაშლილი.
ანგარიშში საუბარია მედიის პოლარიზებაზეც, მათ მათი თქმით, ამომრჩეველს ხელს უშლიდა მიეღო დაბალანსებული ინფორმაცია. პოლარიზებას ეუთო/ოდირი იმით ხსნის, რომ მედიების დიდი ნაწილის დაფინანსება დამოკიდებულია “პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო პირებზე, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას”.
ცალკეა გამოყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, “რომელმაც ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, მაგრამ ახალი ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო პარტიას”. აქვეა აღნიშნული, რომ საქართელოში მნიშვნელოვანი პრობლემაა ჟურნალისტების უსაფრთხოება.
ანგარიშს სრულად, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე. დოკუმენტი არ ასახავს ხმის დათვლის, შეჯამების, გამოცხადებისა და არჩევნების დღის შემდგომ საჩივრებსა თუ მათზე რეაგირების მონიტორინგის შედეგებს. აღნიშნული მონაცემები სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში იქნება მოცემული.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას დედაქალაქში 18 ექსპერტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი წარმოადგენდა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებს დააკვირდა 42 ქვეყნის წარმომადგენელი 530 დამკვირვებელი, მათ შორის ODIHR-ის 30 ხანგრძლივვადიანი და 332 მოკლევადიანი დამკვირვებელი და ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 60-წევრიანი დელეგაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია, ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38- წევრიანი დელეგაცია. გახსნის პროცედურებს დააკვირდნენ 223 საარჩევნო უბანში, ხმის მიცემის პროცესს – 1 924 საარჩევნო უბანზე ქვეყნის მასშტაბით, დათვლას – 193 საარჩევნო უბანზე და დაჯამებას კი 73 საოლქო საარჩევნო უბანში.