აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სამარცხვინოს უწოდებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.
დონალდ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენ ჯო უილსონს პლატფორმა X-ზე გაზიარებული აქვს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება. იგი ამერიკის ხელისუფლებისგან უფრო მკაცრ ქემდებებს ელის.
„სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულად ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას ახდენს“, – დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნების შედეგები თავისუფალი და სამართლიანია.
მისი თქმით, აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.
მანამდე ჯო უილსონმა გაავრცელა განცხადება, რომ შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. მან მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძვლიანად გამოიძიოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდა, რომ ეს ასეა, გამოაქვეყნოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. ჯო უილსონის მიერაა მომზადებული ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.
ამავე თემაზე:
· ვის სანქცირებას ითვალისწინებს კონგრესში ინიცირებული „მეგობარი“ აქტი