ჩვენ ვემიჯნებით რუს ოლიგარქს, ვემიჯნებით მისივე არჩევნების მიტაცების პროცესს, მან ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია და ჩვენ დაწყებულ საქმეს საქართველოს დაცვით, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფით მივიყვანთ ბოლომდე , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა არჩევნების დროს დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევაზე და სარჩევნო კომისიებს იმ სიების გასაჯაროება მოსთხოვა, რომელშიც კონკრეტული პირები უბნებზე რეგისტრაციაშია გატარებული, როგორც კენჭისყრაში მონაწილე მოქალაქე.
“უკვე არაერთი საათი გავიდა და “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ არა არჩევნებს, არამედ რუსულ სპეცოპერაციას არ აქვს და ვერ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამ არჩევნებს ასევე არ აქვს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის მხრიდან, სწორედ ამიტომ, დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენ ვემიჯნებით რუს ოლიგარქს, ვემიჯნებით მისივე არჩევნების მიტაცების პროცესს, მან ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია და ჩვენ დაწყებულ საქმეს საქართველოს დაცვით, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფით მივიყვანთ ბოლომდე.
“ძლიერი საქართველოს” შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და იმ ასობით ფაქტსა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში 26 ოქტომბერს აგროვებდნენ ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე და უბნის მიმდებარე ტერიტორიის აქტიური მონიტორინგის საფუძველზე ჩვენ გავშიფრეთ სქემა, როგორ ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია საქართველოში და ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების გაყალბებაზე, ეს არ იყო უბრალოდ არჩევნების გაყალბება, რაც არა ერთხელ გვინახავს ამ ქვეყანაში, ეს იყო მთელი საარჩევნო პროცესის მიტაცება რუსული სპეცსამსახურების მეთოდებით. ამ სქემას ჩვენ გავასაჯაროებთ დეტალურად.
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ამ რუსული სქემის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი და ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა სხვადასხვა უბანზე მრავალჯერადად მისცეს ხმა, ცხადია, სახელისუფლებო პარტიას, სხვა მოქალაქეების მონაცემების გამოყენებითა და მანიპულაციით, რისთვისაც გამოყენებული იქნა როგორც საარჩევნო კომისიები, ასევე მოქალაქეები და ასევე ის სქემა, რომელიც სისტემურად და მრავალჯერადად არაერთ უბანზე ხელს უშლიდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ მათ მოეხდინათ ამ სქემის ადგილზე ხელშეშლა.
სქემა მდგომარეობდა შემდეგში – ჯერ კიდევ არჩევნებამდე “ქართულმა ოცნებამ” კანონიც კი შეცვალა იმისთვის, რომ ეს სქემა აემუშავებინა 26 ოქტომბერს, რაზეც ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ განგაში. ეს მდგომარეობდა იმაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” კანონის შეცვლით რეგისტრატორებად დაუშვა, რომ ემუშავათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ის უცხადებდა ნდობას და არავითარ შემთხვევაში არც ერთ უბანზე რეგისტრატორად არ უნდა მოხვედრილიყო ოპოზიციის წარმომადგენელი. ამის შემდეგ, მათ ცესკოს მიერ შეცვალეს წესი, რომლითაც ადრე ვინ რა ფუნქციას შეასრულებდა უბანზე, ამის განსაზღვრა ხდებოდა არჩევნების დღეს. წესის შეცვლის შემდეგ, ერთი კვირით ადრე განისაზღვრა, ვინ იქნებოდნენ რეგისტრატორები, რომ ამ სქემისთვის გამოევლინათ მათი სრული კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანები. ეს დადგენილებაც გავასაჩივრეთ, თუმცა “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადმა სტრუქტურებმა ეს წესი არ შეცვალეს. ამან მისცა “ოცნებას” შესაძლებლობა, რომ მათი სრული კონტროლის ქვეშ, მათი ნდობით აღჭურვილი პირები ჰყოლოდათ რეგისტრატორებად, რომლებიც ამ სქემაში იღებდნენ მონაწილეობას.
ამ სქემაში ასევე მონაწილეობდნენ მოქალაქეები, რომლებიც სხვა ადამიანების მონაცემებით მრავალჯერადად მისცეს ხმა, ძირითადად, გამოყენებული იყო საქართველოს იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებიც წლებია, აღარ ცხოვრობენ საქართველოში, არიან ემიგრაციაში და დადასტურებულად იცოდა ხელისუფლებამ, რომ ეს ადამიანები ვერ ჩაერთვებოდნენ ხმის მიცემის პროცესში.
მოვითხოვთ საარჩევნო კომისიებისგან, გასაჯაროვდეს ის სიები, ვინც უბნებზე რეგისტრაციაშია გატარებული, როგორც კენჭისყრაში მონაწილე მოქალაქე. სწორედ ეს სიები არის არჩევნების შავი ყუთი, რომელიც ინახავს უტყუარ მტკიცებულებებს დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომლითაც იმოქმედა “ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.