„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სცენის მოწყობისა და ხმის აპარატურის დამონტაჟების საშუალებას არ აძლევენ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მათ კონსტიტუციური უფლების გამოყენებას და პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას უზღუდავს.
„როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ხელს გვიშლიან ჩვენი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში. თუ არ შემოვიტანეთ დინამიკები, თუ არ მოვაწყვეთ სცენა, ხალხი უბრალოდ ხმას ვერ გაიგებს და პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა შეგვეზღუდება. რა თქმა უნდა, ივანიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მან მთავარი, არჩევნები წაგვართვა. 2020-შიც გააყალბა არჩევნები, მაგრამ ახლა სხვა რაღაც მოხდა, სპეცოპერაცია ჩაატარა ამ ადამიანმა რუსეთის უშიშროების პირდაპირი ჩარევით და ამაზე უკვე გამოძიება დაანონსებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ვეცდებით შემოვიტანოთ ეს აპარატურა და მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთის უშიშროებას და სპეცოპერაციის შედეგად დამდგარი შედეგები, არ უნდა მივიღოთ არავინ. ახლა ეროვნული წინააღმდეგობის დროა. პარტიული ხაზებიც წაშლილია. ყველა საქართველოს მოქალაქე, ვისაც გვინდა პატიოსნად, სამართლიანად ცხოვრება სუვერენულ სახელმწიფოში, უნდა შევიკრიბოთ დღეს 28 ოქტომბერია და პირველი მრავალპარტიული არჩევნები რომ ჩატარდა საქართველოში, დედაჩემს და მამაჩემს ეგონათ, რომ მე არ მომიწევდა ამისთვის ბრძოლა, მაგრამ მოგვიწია. არჩევნების უფლება, რომელიც 9 აპრილს სისხლით მოვიპოვეთ, წაგვართვეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.