შალვა ტაბატაძე – მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ პროგრესის ნაცვლად ჩამორჩენილი ვართ – სოფო გორგოძე პროფესიონალია და როდესაც პროფესიონალი კადრები მიდიან სისტემიდან, როგორც ჩანს, მთლად პოზიტიური გარემო არ არის

განათლების საკითხების მკვლევრის, შალვა ტაბატაძის განცხადებით, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022-ის პირველადი ანგარიშით, საქართველოს არ აქვს პროგრესი და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში საკმაოდ ჩამორჩენილია.
როგორც განათლების საკითხების მკვლევარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმე“ განაცხადა, PISA არის საინტერესო, რადგან ვნახოთ, სად ვართ და საითკენ მივდივართ.
ამასთან, მან ისაუბრა კვლევის ხარვეზებზეც.
„PISA-ს ორი თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა: ერთი, რომ ვიცოდეთ, სად ვართ ჩვენ და როგორი დინამიკა გვაქვს და მეორე, სხვა ქვეყნებთან შედარება. სხვა ქვეყნებთან შედარებით, შეიძლება არ იყოს რელევანტური. არსებობს PISA-ს კრიტიკაც – ტექსტების თარგმანის თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნის დამოკიდებულების თვალსაზრისით. ასევე, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ კვლევისთვის ემზადებიან, რათა შედეგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ასევე, შედგენილი ტექსტები კულტურული თვალსაზრისით ადაპტირებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ PISA სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს, თითოეულ ქვეყანას თავისი სასწავლო პროცესი აქვს… არის ასეთი ხარვეზები, მაგრამ PISA არის ჩვენთვის საინტერესო, თუ სად ვართ და საითკენ მივდივართ. ამ კონტექსტით უნდა ვთქვათ, რომ პროგრესი ჩვენ არ გვაქვს.
მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ პროგრესის ნაცვლად ძალიან ჩამორჩენილი ვართ სხვა ქვეყნებს. თუ განვითარება და წინსვლა გვინდა დიდი ნახტომებით უნდა ვიაროთ. ოდნავი გაუმჯობესება კი არ არის საკმარისი, დიდი ნახტომები უნდა გვქონდეს. ვხედავთ, რომ 13 წელი წინ არ მივიწევთ“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.
როგორც განათლების საკითხების მკვლევარი აცხადებს, PISA 2022-ის ანგარიშის შედეგის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო სისტემაში და სწავლების მიდგომებში.
მისივე განმარტებით, შედეგები უნდა გააუმჯობესონ მასწავლებელთა და დირექტორთა კორპუსი, ხოლო ამის გაჯანსაღებისკენ ნაბიჯები არ იდგმება.
„მიზეზი არის საგანმანათლებლო სისტემაში და სწავლების მიდგომებში, რომელიც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ იყო ინტერვენცია კითხვების თვალსაზრისით, რეფორმების მიმართულებით, ეს ინტერვენციები არ მუშაობს მიუხედავად იმისა, რომ განათლების სფეროში ინვესტირება გაზრდილია. 2012 წლიდან დღემდე განათლების ბიუჯეტი გაოთხმაგდა.
ვინც უნდა გააუმჯობესოს ეს შედეგები – მასწავლებელთა და დირექტორთა კორპუსი – ამის გაჯანსაღებისკენ არანაირი ნაბიჯი იდგმება. რა თქმა უნდა, მასწავლებელი და დირექტორია მნიშვნელოვანი, ისინი უნდა იყვნენ დაფასებულები, ოღონდ ფოკუსი უნდა გაკეთდეს მაღალ კომპეტენციაზე. ჩვენ უნდა მივიღოთ მასწავლებელთა კორპუსი, რომელიც იქნება ყველაზე კომპეტენტური, რომელიც ძირეული ცვლილებების განხორციელებას შეძლებს“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზეც და აღნიშნა, რომ მისი გადადგომა ემთხვევა PISA-ს შედეგების გამოქვეყნებას, თუმცა შედეგები მას ვერ დაჰბრალდება, რადგან ხარისხზე პასუხს ვერ აგებს.
„ოფიციალური განცხადებით უბრალოდ ტოვებს და დაკავშირებული არ არის რამე საკითხთან, თუმცა დამთხვევა არის PISA-ს შედეგების გამოქვეყნებასთან. შედეგები მას ვერ დაჰბრალდება, იმიტომ, რომ ის ხარისხზე პასუხს ვერ აგებს. თუმცა შესაძლებელია მიღებული შედეგების საზოგადოებამდე სწორად და მომგებიანად მიტანის თვალსაზრისით მან, რაღაც პარამეტრები ვერ დააკმაყოფილა.
ერთი რამ ფაქტია, რომ სოფო გორგოძე თავისი საქმის პროფესიონალია და როდესაც პროფესიონალი კადრები მიდიან სისტემიდან, როგორც ჩანს მანდ, მთლად პოზიტიური გარემო არ არის“,- განაცხადა ტაბატაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ