ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა – ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ. 26 ოქტომბრის ს დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენებისას ძალიან კარგ შედეგად ითვლება თუ საარჩევნო პროცესის დროს აპარატების 1 პროცენტი გამოვიდა მწყობრიდან, ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა დაახლოებით 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ “pro v&v”-მ, რომელსაც -ში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს და წარმოადგენს საარჩევნო ლაბორატორიას, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებენ.

სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მათ ოფიციალურად გადმოგვცეს პირველი და მეორე ეტაპის რევიზიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს აპარატების გამართულ მუშაობას. დოკუმენტი ითარგმნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის მყისიერად გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აღნიშნული დოკუმენტი პასუხს სცემს ყველა კითხვას, მათ შორის იმ მანიპულაციურად წამოჭრილ საკითხს, თითქოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო დუბლირების ფაქტები. ეს ბრალდება იმთავითვე უსაფუძვლოა რამდენიმე ფაქტორის გამო. პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა სიები და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს აქვთ სიების საჯარო ვერსიის ადმინისტრაციიდან გამოთხოვის და შემოწმების შესაძლებლობა და გამოითხოვენ კიდეც და სხვა არა ერთი მტკიცებულება. დღეს ხსენებულმა ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული კითხვები, არის უსაფუძვლო და დაადასტურა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც განხორციელდა არჩევნების მოდერნიზების პროცესი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს არჩევნების მოდერნიზებას. მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, ესტონეთში, ბელგიაში და ა.შ.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და იმ უწყებებს, რომლებიც არჩევნების ორგანიზების პროცესში ჩვენთან თანამშრომლობდნენ.

საარჩევნო ტექნოლოგიებთან ადვილად ადაპტირდა ამომრჩეველიც, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დავიწყეთ ეფექტიანი იყო. აქტიურობისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს.

რაც შეეხება შედეგებს. ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების 99,646 %-ზე მეტს და შესაბამისი ოქმები ატვირთულია ვებგვერდზე – results.cec.gov.ge. ველოდები 9 უბნის შედეგების (ოქმების) გადმოგზავნას უცხოეთიდან.

წინასწარი შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:

პარტიის ნომერიპარტიის დასახელებაშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
3„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“3 9500.191
4კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა225 68010.923
5„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“209 13710.122
6„ევროპელი დემოკრატები“8 0360.389
8„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“50 4632.442
9„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“181 4248.781
10საქართველოს ლეიბორისტული პარტია15 0570.729
12„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“1 8660.09
16„შეცვალე საქართველო“12 5650.608
17„საქართველო“2 7750.134
20თავისუფალი საქართველო4 1490.201
21ტრიბუნა2 4870.12
23„ჩვენ“2 5950.126
25„გახარია საქართველოსთვის“160 3547.761
26„მემარცხენე ალიანსი“1 3880.067
27ქართველ ერთობა4 5030.218
36„გირჩი“62 2173.011
41ქართული ოცნება1 117 48054.086