“იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ქვეყნის განვითარების, მშვიდობის და ევროინტეგრაციისთვის,” – ამის შესახებ BMG -სთან აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე მნიშვნელოვანია არჩევნები დემოკრატიულად და საერთაშორისო პრინციპებთან შესაბამისად ჩატარდეს.
„გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ გვყავს უპრეცედენტო რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები. დიდი მნიშვნელობა ექნება მათ შეფასებას რამდენად არის ეს არჩევნები თანხვედრაშია საერთაშორისო პრინციპებთან. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის და იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ინტეგრაციის პროცესთან“, – ამბობს დავით ზალკალიანი.
ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ძველ ნიშნულთან დაბრუნდება და მეტიც, გაუმჯობესდება.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
რაც შეეხება, პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ შემოწირულობებთან ერთად სახელმწიფოსგან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მათ შედეგებზე არის მიბმული, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გადახედვას ყოველ 4 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ექვემდებარება. ამ მიზნისთვის ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ყოველწლიურად 12,742,941 ლარის დაფინანსებას გასცემს.
როგორ ნაწილდება არსებული დაფინანსება, გაეცანით აქ