წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს უბანზე ბიულეტენებს, ეს არის პირდაპირი გაგებით საბოტაჟი – თუ ეს კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც კადრებში ჩანს არის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ის მონაწილეობას იღებს ქვეყნის არევის გეგმაში.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მომხდარი „ნაცმოძრაობის“ სცენარია.
„თუ ეს კადრები მართალია, რაც მარნეულიდან ვრცელდება, პირობას ვიძლევი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ჩვენი იქნება თუ სხვისი, მნიშვნელობა არ აქვს, უმკაცრესად დაისჯება. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი ნახევარ, თუ ერთ მეტრში კამერა უღებდეს და ასე ყრიდეს უბანზე ბიულეტენებს. კადრებში მონაწილეობას იღებს „ქართლი ოცნების“ დეპუტატი და ჩვენი ღრმა რწმენით, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს. ვერავინ ვერ შექმნის [ლეგიტიმაციას პრობლემას] ასეთი დადგმული სპექტაკლებით, რომელშიც, სამწუხაროდ, მონაწილეობას იღებს ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა პირდაპირ მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური წყობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ. შესაბამისად, პირობას ვაძლევთ, დაისჯება უმკაცრესად ყველა იმიტომ, რომ ეს არის საბოტაჟი პირდაპირი გაგებით.
მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც შეიძლება განზრახული ჰქონდეს ასეთ სპექტაკლებში, სიბინძურეში, მდაბიო „ფეიკების“ დადგმაში მონაწილეობა, თუ მსგავს დანაშაულში მიღებენ მონაწილეობას ,მათი დამცველი არ იქნება არავინ, მით უმეტეს არც ჩვენ. ისინი კანონის სრულის სიმკაცრით დაისჯებიან,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.