ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგი დაპირისპირება იყო

ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, დონა ბერიშვილის განცხადებით, დილიდან უბნის კომისიისთვის ხელის შეშლის მიზეზით, ჯამში, ოთხი დამკვირვებელია გაძევებული.
ესენი არიან: ირაკლი კვარაცხელია “სამართლიანი დან”, ფატმან ნინუა “მესხეთის სამოქალაქო საზოგადოებიდან”, ეკა შამუგია “ლელოდან” და მარიამ სიჭინავა – “კოალიცია ცვლილებებისთვის”.
მარიამ სიჭინავამ უბანზე დაპირისპირების ვიდეო ფეისბუკზე გაავრცელა, სადაც ის “ქართული ოცნების” დამკვირვებელს, თეიმურაზ ჯოჯუას შენიშვნას აძლევს და ეუბნება, რომ ის უხეშად ერევა კომისიის მდივნის და თავმჯდომარის მუშაობაში, – მათ მიუთითებს, ვინ უნდა გააძევონ და ვინ უნდა დარჩეს დამკვირვებლად უბანზე.
მარიამ სიჭინავას განცხადებით, ეს არის უბანი, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით თითქოს დამკვირვებლად რეგისტრირებული არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები და თავად წარმართავენ უბანზე საარჩევნო პროცესებს.
“ესენი არ ემორჩილებიან არავის. მათ შორის, არც საოლქო კომისიის წევრ ნანა ოყუჯავას, რომელმაც პარტიული დირექტივის გაცემის გამო კომისიის თავმჯდომარეზე და კომისიის მდივანზე გასცა შენიშვნა. ამის მიუხედავად, მათ გააგრძელეს დირექტივების გაცემა. ამის შემდეგ მოხდა სრულიად უმიზეზოდ ჩემი გაძევება. არაფერს არ ვაშავებდი. ვიყავი ზუსტად 2 წუთის შესული. მათ ზუსტად იციან, ვინ უნდა გააძევონ. აძევებენ პარტიების და იმ ორგანიზაციების დამკვირვებლებს, რომლებიც მათ რეალურად აკვირდებიან”, – უთხრა მარიამ სიჭინავამ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მე-9 უბანთან დილიდან არიან მობილიზებული “ძველი ბიჭები”, რათა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ.
თავის მხრივ, უბნის თავმჯდომარე ამბობს, რომ მარიამ სიჭინავა და სხვა გაძევებული დამკვირვებლები რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც მხოლოდ ეს იყო:
“ხმაურობდნენ. მთელი დღეა ამ გოგოს პირი არ გაუჩერებია. მივიდა მდივანთან, ჩართო კამერა, მდივანი ჟურნალს უღებს. ჩართო ფოტო-ვიდეოგადაღება. ამბობდა – მე მაქვსო უფლება. ასე არ შეიძლება, პარტია რომ უშვებს წარმომადგენელს, კარგად უნდა დაატრენინგოს და ისე შემოუშვას… ესენი არიან გადამზადებული იმაში, რომ ხმაური და ქაოსი შექმნან”, – თქვა უბნის თავმჯდომარემ.
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი დევნილთა დასახლების ეზოშია განთავსებული. აქ დილიდან, დამკვირვებლებს შორის, დროდადრო რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია და კენჭისყრის პროცესი გრძელდება.
ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ცნობით, 12 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 116 ათას 526 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 23 ათას 133-მა. 12 საათისთვის რეგისტრირებულია 5 საჩივარი. მესხის სიტყვებით, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება და გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“ – გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი, „ევროპული ხმის მცველები“ დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ