ოპოზიციას ვურჩევდი არჩევნებში მორიგ დამარცხებას წინასწარ შეეგუონ და ჩვენი ხალხის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ! – ეს განცხადება მედიასთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არ ეგულება ადამიანი, ვინც მშვიდობასა და განვითარებას მხარს არ დაუჭერს.
„დიდი ხანია ოპოზიციაზე ჩვენი ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ ოპოზიცია არასდროს ხალხის ინტერესებზე არ ზრუნავს. მათი მთავარი მისია ჩვენს ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებაა. ისინი საქართველოს ინტერესებზე არ ზრუნავენ. ბუნებრივია იციან, რომ მარცხდებიან – მარცხდებიან მორიგ ჯერზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მშვიდობას მისცემს და „ქვეყანა გაიმარჯვებს“.
„არ მეგულება ადამიანი, რომელიც ხმას არ მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და განვითარებას. ვიცით, რომ შეიძლება, ბევრი ადამიანი შეცდომაში იყოს შეყვანილი იმ პროპაგანდის გამო, რომელიც მიმდინარეობს ტელევიზიების საშუალებით და ცრუ ოპოზიციის ტყუილებით. წლების განმავლობაში მიმდინარე ცრუ კამპანიებმა შესაძლოა მათზე გავლენა იქონია, მაგრამ მჯერა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს მშვიდობას და ქვეყანა გაიმარჯვებს. გირჩევთ ყველას, რომ შეეგუოთ ჩვენი ხალხის გამარჯვებას, მშვიდობის გამარჯვებას, სიმართლის გამარჯვებას და ომის და ბოროტი ძალების დამარცხებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.