ვიღაცები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან რადიკალურ ოპოზიციასა და ევროპას შორის – რუსეთთან და ევროპასთან დაკავშირებით ე.წ. დილემა არის ჩვეულებრივი სიყალბე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული და ყველაზე ანტიქართული ძალა და ამ პოლიტიკურ სპექტრში „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პროევროპული და ქართული ძალა, „შესაბამისად, არჩევანი მარტივია“.
„რაც შეეხება ევროპას და რუსეთს – ვიღაცები ცდილობენ, რომ ტოლობის ნიშანი დასვან რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და ევროპას შორის, მაშინ როდესაც თავისი შინაარსით, სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში, მათ შორის, მათი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. მათ ჩამოაყალიბეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული რეჟიმი 9 წლის მანძილზე. მათი დღევანდელი სახეც ძალიან კარგად ჩანს. როცა ვიღაცას უნდა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას ხაბეიშვილსა და ევროპას შორის, გუბაზ სანიკიძესა და ევროპას შორის, თინა ბოკუჩავასა და ევროპას შორის, სალომე სამადაშვილსა და ევროპას შორის, ანა ნაცვლიშვილსა და ევროპას შორის, გვარამიასა და ევროპას შორის, ხოშტარიას და ევროპას შორის და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. ჰაბიტუსით დაწყებული, მათი წარსული საქმიანობით დამთავრებული და მათი დღევანდელობით გაგრძელებული, აბსოლუტურად ანტიევროპული ძალები და ადამიანები არიან ისინი. შესაბამისად, ეს ე.წ. დილემა რუსეთთან და ევროპასთან დაკავშირებით არის ჩვეულებრივი სიყალბე. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახები შედეგი საქართველოს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. დიდი ბრძოლით, წელიწადნახევრიანი ბრძოლით, ხელიდან გამოვგლიჯეთ ვიღაც-ვიღაცებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ბრძოლით მოვიპოვეთ სტატუსი და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას და შრომას. ერთადერთი ევროპული და პროევროპული ძალა ამ არჩევნებში არის სწორედ „ქართული ოცნება“. ამასთან ერთად ჩვენ ვართ ერთადერთი ქართული ძალა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას შეეცდება, თუმცა მათ რესურსები, რაც ქუჩასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე გაანიავეს.
„ისინი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას შეეცდებიან, თუმცა რესურსები აქვთ სრულად ამოწურული. მარტში, აპრილში, მაისში მას გაანიავეს ყველა რესურსი, რაც ქუჩასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ისინი ცდილობდნენ ამ რესურსის დაგროვებას სწორედ ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბრისთვის, თუმცა წინასწარ, ჩვენი ძალისხმევით მათ შორის, მოუწიათ ამ რესურსების განიავება“, – განაცხადა კობახიძემ.