„ქართული ოცნებიდან“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატმა ზაურ დარგალმა ხმა მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც დარგალი აცხადებს, ოპოზიციას არჩევნები წაგებული აქვს.
„მარნეულში ამ ეტაპისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ჩვენ პროვოკაციებს ველოდებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და სხვადასხვა სახის პროვოკაციებს ეცდებიან. მე დღეს ხმა მივეცი მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ღირსებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს, დღეა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, ჩვენ ყველა ერთად მიცემთ ხმას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან გარემოში განვითარდეს და ღირსეულად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა დარგალმა.
კითხვაზე, თუ რას იტყვის ცალკეულ შემთხვევებზე, როცა საარჩევნო უბნებზე სააგიტაციო მასალები იყო განთავსებული, დარგალმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია მას არ აქვს.
„ოპოზიცია შეეცდება სხვადასხვა სახის პროვოკაციაზე წავიდეს, ჩვენ არჩევნები მოგებული გვაქვს. ყველაზე მეტად, ვის ინტერესშიც ნაკლებად შედის პროვოკაცია და უბნებზე პრობლემები, ეს „ქართული ოცნებაა“,- განაცხადა დარგალმა.