ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და მასთან დაახლოებული პირი, გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ხსნის, თუ რატომ არ დგას ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ ბანკ „კრედიტ სუისიდან“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების გაფლანგვის უკან.
თანაინვესტირების ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ბაჩიაშვილის განცხადებები ცილისმწამებლურია.
როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, თანხის მოპარვის ფაქტები პირველმა სწორედ მან აღმოაჩინა და ხელმძღვანელობდა დავას შვეიცარიულ ბანკთან.
„მე აღმოვაჩინე კრედიტ სუისში თანხის გაფლანგვა. შევკრიბე იურისტების არმია და მას ვხელმძღვანელობდი. ყველა დეტალი მქონდა ამ საქმის გარშემო და ვიყავი მთავარი მოწმე. იმ დროისთვის ვხელმძღვანელობდი ივანიშვილის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ საქმეს. [..]
ივანიშვილის ანგარიშების დასუფთავება, კრიმინალი, დაიწყო 2006-07 წლებში. გამორიცხულია, მაშინ ივანიშვილს ჰყოლოდა გლობალური ომის პარტიისნაირი მტერი, რომელიც ასე გაუსწორდებოდა. სულ რომ მართლა არსებობდეს [ეს პარტია], როგორ შეიძლება ივანიშვილი იყოს ერთადერთი, ვისთვისაც ახალი დოქტრინა გამოიგონეს – თუ როგორ უნდა წაართვან კაცს ფული? [..]
არ დავეთანხმე სიგიჟეში, თითქოს რამე გარე ძალები იყვნენ მისი და კრედიტ სუისის საქმეში. კრედიტ სუისში იურისტებმა აკრგად იციან საქმის გაწელვა და აკეთებდნენ კიდეც ამას. მაგრამ სიგიჟეა იმის თქმა, რომ ვინმე ამაში იყო ჩარეული“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, 2023 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს – გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.
საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ. ლარის გირაო შეუფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს.
netgazeti.ge