ალექსანდრ სირსკი – ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ კურსკში უკრაინული ჯარები ალყაში არიან მოქცეული, აშკარა დეზინფორმაციაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრე სირსკი უარყოფს ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ.
„აგრესორი ქვეყნის მეთაურის მიერ BRICS-ის სამიტზე გამოქვეყნებული განცხადება კურსკის რეგიონში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ არ შეესაბამება რეალობას, ეს არის აშკარა დეზინფორმაცია, რომელიც არ ასახავს რეალურ ვითარებას“, – აცხადებს სირსკი.
მისი თქმით, უკრაინული ჯარები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს კურსკის მიმართულებით და მესამე თვეა ანადგურებენ მოწინააღმდეგის საბრძოლო პოტენციალს.
სირსკის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მტრის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, ოკუპანტები პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.
კერძოდ, მისი მონაცემებით, 8 აგვისტოდან დღემდე ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის ჯარებმა დაკარგეს პირადი შემადგენლობიდან 17 819 ადამიანი, ტყვედ ჩავარდა 711 ჯარისკაცი, ასევე დაკარგეს 45 ტანკი, 256 ერთეული ჯავშანტექნიკა, 565 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 99 საარტილერიო სისტემა, 5 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში დაახლოებით 2 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა ალყაში მოქცეული,უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ განბლოკონ ალყა, მაგრამ უკვე დაკარგეს მათზე სტაბილური კონტროლი.