საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა სამ ოფისში. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, გამომძიებლებს ჰქონდათ მოსამართლის გაცემული განჩინება.
„ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან“, – წერია უწყების ინფორმაციაში.
დღეს დილით ჩხრეკა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებშიც ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.
სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია:
· 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას;
· 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
· 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაადგინოს, უკავშირდება თუ არა მათ ბინებში ჩატარებული ჩხრეკა ამ გამოძიებას. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ონისე და სანდრო ცხადაძეების, ასევე ვალერი ტყეშელაშვილის ბინებში. გამომძიებლები მუშაობდნენ ამერიკული კომპანია Concentrix-ის საქართველოს ოფისშიც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად უთხრა, რომ „მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს“.