„განვითარების ბანკის კონცეფცია სისულელეა“ – ეკონომისტები „გახარია საქართველოსთვის” დაპირებებზე

„განვითარების ბანკის კონცეფცია სისულელეა“ – ეკონომისტები „გახარია საქართველოსთვის” დაპირებებზე
პარტია „გახარია საქართველოსთვის” განვითარების ბანკისა და ექსპორტის სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის. პარტიაში აცხადებენ, რომ განვითარების ბანკი ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის რეალურ შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება ექსპორტის სააგენტოს, პარტიაში ამბობენ, რომ უწყება პასუხისმგებლობას აიღებს, რომ შეიქმნას ექსპორტის დაფინანსებისკენ მიმართული ფინანსური და სადაზღვევო პროდუქტები.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა ეკონომისტების პოზიციებით, რამდენად საჭიროა 2 ახალი სახელმწიფო უწყების შექმნა და ქვეყნისთვის რა შედეგს მოიტანს მათი ფუნქციონირება? კითხვებით ჩვენ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს მივმართეთ. ექსპერტი განვითარების ბანკის შექმნის იდეას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ამით კერძო სექტორი შევიწროვდება.
,,კონცეფცია სულელურია. უარყოფითად ვარ განწყობილი სახელმწიფო ბანკების მიმართ. სახელმწიფო ბანკები არიან ფაქტობრივად გადასახადების გადამხდელებით დაფინანსებული ინსტიტუტები. იმის მაგივრად, რომ გადასახადები შევამციროთ, ფაქტობრივად დამატებით საგადასახადო ტვირთს ვადებთ ეკონომიკას. რაც არ მგონია სწორი. ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის კერძო სექტორის შევიწროება, რადგან სახელმწიფო ბანკი ყოველთვის პრივილეგირებული იქნება.’’- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.
შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის. ,,დეტალები არ ვიცი მაგრამ, იდეა შეიძლება საინტერესო იყოს.’’- აცხადებს ის ,,კომერსანტთან’’ საუბარში.
რაც შეეხება ექსპორტის სააგენტოს შექმნის ინიციატივას, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ საჭიროა მისი ფუნქციის ზუსტად განმარტება. – ,,გააჩნია რას გააკეთებს ექსპორტის სააგენტო. თუ რაღაც საბაზისო ფუნქციები ექნება ექსპორტიორებისთვის დახმარების მიმართულებით და განზრახვაა ექსპორტისთვის ხელის შეწყობა, ისევ და ისევ გადასახადების გადამხდელების თანხების გამოყენებით არ არის კარგი. რისი ექსპორტის საშუალებაც არსებობს იმისი ექსპორტი ხდება ისედაც. ექსპორტიორები საკმაოდ რესურსიანი ხალხია, რომ თავად ნახონ შესაძლებლობა, კავშირები. თუ ვიღაც ვერ ახერხებს მეილი გაუგზავნოს უცხოელ პარტნიორს, იმას მე არ მგონია, რომ გახარიას ექსპორტის სააგენტომ უშველოს.’’- აცხადებს ის ჩვენთან საუბარში
ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი. – ,,ექსპორტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ალბათ, უმჯობესია ჯერ ვიფიქროთ საექსპორტო პროდუქციის შექმნაზე და ამის შემდეგ გატანაზე. ქართულ კონტექსტში ახალი სააგენტოს შექმნა ან ახალი ბიუროკრატიის დამატება ცოტა სარისკოა. შეიძლება ამაზე ფიქრი და მსჯელობა. ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ბიუროკრატიის ზრდა ჩვენთან მარტივი არ არის, რადგან ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ თუ ეს ხარჯები, მერე რაღაც მომენტში, მეტ შემოსავალს მოგვიტანს, რასაკვირველია მაგაზე ფიქრი შეიძლება.’’- აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.