ლევანი არ არის მარტივად დასაჩაგრი, მას აქვს ბრძოლის საკმაო გამოცდილება – წინა მთავრობაც ძალიან დიდხანს ებრძოდა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” ყველაფერში დაემსგავსა თავის წინამორბედს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მის თანაპარტიელზე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს თავდასხმა იმის გამოძახილია, რაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა.
„ლევანი თავს კარგად გრძნობს, ნორმალურად არის, არც ისე ადვილია მისი შეშინება. ცოტა ხნის წინ მქონდა მასთან კომუნიკაცია, ახლა პოლიციის განყოფილებაშია გამოკითხვაზე. ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ცალსახად იმის გამოძახილია, რაც რამდენიმე დღის წინ დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა და, ბუნებრივია, ამას შედეგიც მოჰყვა.
ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც, დაახლოებით, ოცამდე ახალგაზრდამ მოუწყო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ლევანი არ არის მარტივად დასაჩაგრი, მას აქვს ბრძოლის საკმაო გამოცდილება, წინა მთავრობაც ძალიან დიდხანს ებრძოდა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” ყველაფერში დაემსგავსა თავის წინამორბედს, იმას, რასაც თავად ებრძოდა, რასთან ბრძოლის გამოც მოვიდა ხელისუფლებაში. რეალურად, გაიმეორა ყველა ის დანაშაული, რომელსაც წინა ხელისუფლებას უყენებდა ბრალდებად. იმ ძალადობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო, საკადრისი პასუხი ექნება. აუცილებლად დამარცხდება “ქართული ოცნება” და მოუწევს პასუხის გაცემა ყველა იმ საქმეზე, რაც ჩაიდინა”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.