ლიდერის პოზიციებს ვინარჩუნებთ – “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორი

წლევანდელ წელს წარმატებულად შევაფასებდი, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს, – ამის შესახებ „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა. მან მიმდინარე წელი შეაფასა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.
„წლევანდელ წელს წარმატებულად შევაფასებდი. წლის ბოლომდე 100-მდე ობიექტი გვექნება გახსნილი და ამ ტემპის შემცირებას არ ვაპირებთ. მომავალ წლებშიც ვაპირებთ იგივეს გაგრძელებას. ზრდაც გვექნება ორნიშნა და ამითაც კმაყოფილი ვართ. ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს და ვაპირებთ, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ.
გაფართოებას რაც შეეხება, როგორც რეგიონების, ისე თბილისის მიმართულებით აქტიურად ვფართოვდებით. მთელი გაფართოების 30-40% არის თბილისში, დანარჩენი – რეგიონებში. შეიძლება ითქვას, საკმაოდ დივერსიფიცირებულია ჩვენი განვითარება“, – განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.