საგზაო დახმარების ქართული აპლიკაცია – SOS auto-მ საერთაშორისო გადაზიდვები დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნათია შუბითიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, SOS auto გადაზიდვებს თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახორციელებს და ნოემბრიდან კომპანია ბაქოში რეექსპორტს ევროპის ქვეყნებიდანაც დაიწყებს.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, 21 ოქტომბერს SOS auto-მ ბელგიიდან თბილისის მიმართულებით პირველი გადაზიდვა განახორციელა, ხოლო ნოემბრიდან აღნიშნული პროცესი უფრო აქტიურად დაიწყება.
„ცოტა ხნის წინ დავპარტნიორდით ბაქოში ერთ-ერთ კომპანიასთან, სადაც რეექსპორტით ვუშვებთ ავტომობილებს და ნოემბრიდან უკვე ევროპის ქვეყნებიდან ვიწყებთ გადაზიდვებს. ბაქოში გავედით “ავტოვოზის” მანქანით, ანუ 8-მანქანიანი ევაკუატორით. რეალურად საერთაშორისო გადაზიდვებშიც ვართ უკვე. გვაქვს ორი სამიზნე ქვეყანა, ერთი არის აზერბაიჯანი, სადაც გვინდა, რომ კორპორატიული სეგმენტი სრულად ავითვისოთ, ხოლო მეორე ქვეყანა არის ყაზახეთი. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე აღნიშნულ ქვეყანაშიც გავალთ კონტაქტზე. მონაცემების მიხედვით, ყაზახეთში გადაზიდვებზე საქართველოსა და აზერბაიჯანზე 10-ჯერ მაღალი მოთხოვნაა. შესაბამისად, ეს ბაზარი ჩვენთვის მიმზიდველია. ყოველდღიურად ვვითარდებით. ძალიან მალე ჩვენს აპლიკაციაში წინასწარი ჯავშნების სისტემაც დაემატება“, – აცხადებს ნათია შუბითიძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – საგზაო დახმარების ქართული აპლიკაცია თითქმის ყველა რეგიონისთვის ხელმისაწვდომია და მათი სერვისით ამ დროისთვის, 4000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.
ცნობისთვის, სტარტაპი SOS auto საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე რაუნდის გამარჯვებულია.
bp.ge