კვლევა – სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის დისკრედიტაცია მოიცავს მათ შესახებ ნეგატიური ნარატივების გავრცელებას, ხოლო რუსეთის გარშემო ნეიტრალურ ან პოზიტიურ დისკურსებს

სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მოიცავს მათ შესახებ ნეგატიური ნარატივების გავრცელებას, ხოლო ს გარშემო ნეიტრალურ ან პოზიტიურ დისკურსებს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მხარდაჭერით „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და CRR- საქართველოს მიერ წარმოდგენილ კვლევაში.
როგორც კვლევის პრეზენტაციისას აღინიშნა, კვლევა ეხება ფარული თვალთვალის მექანიზმების სასამართლო ზედამხედველობას და სოციალურ მედიაში მთავრობის მხარდაჭერით გავრცელებულ ნარატივებს.
„უსაფრთხოების სამსახურებზე მაღალია პოლიტიკური ზეგავლენა, რაც გამოწვეულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ოპერატიული ტექნიკური სააგენტოს მოქმედი ინსტიტუციური მოწყობით;
არსებობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის არამართლზომიერად გამოყენების შესაძლებლობა;
სასამართლო ზედამხედველობა არასაკმარისია და თვალთვალის ღონისძიებების უმრავლესობაზე მოსამართლის კონტროლი არ ვრცელდება;
უსაფრთხოების სამსახურებს უვადო თვალთვალის შესაძლებლობა აქვთ, ისე, რომ მოქალაქეებს ამის შესახებ შეტყობინების მიღებისა და გასაჩივრების ეფექტიანი შესაძლებლობა არ აქვთ;
მაღალია თვალთვალის შუამდგომლობისა და დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ყოველწლიურად მოსმენების მოთხოვნების 88%-ზე სასამართლო აკმაყოფილებს“, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, როგორც ამავე ანგარიშშია აღნიშნული, CRRC-საქართველომ 2023 წელს „ფეისბუქზე მონიტორინგის 4 ტალღა ჩაატარა, რომელიც უკავშირდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გარშემო მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას.
„მთავრობის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია ფოკუსირებული იყო ბრალდებებზე, რომ დასავლური დონორები და ოპოზიციური ჯგუფები საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებენ;
ევროკავშირის შესახებ ვრცელდებოდა შეცდომაში შემყვანი ნარატივი, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თავდაპირველად ვერმიღება იყო სასჯელი ომში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ უარზე;
სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მოიცავდა მათ შესახებ ნეგატიური ნარატივების გავრცელებას, ხოლო რუსეთის გარშემო ნეიტრალურ ან პოზიტიურ დისკურსებს“, – ნათქვამია კვლევაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის“ დირექტორის გურამ იმნაძის განცხადებით, კვლევამ აჩვენა ის, რომ არსებითად კანონმდებლობის დონეზე ქვეყანაში სტრუქტურული პრობლემებია.
„კვლევის მიზანი არ ყოფილა ზუსტად დაედგინა, როდის დაიწყო ეს კამპანია იმიტომ, რომ მანამდეც შესაძლოა ყოფილიყო ანტიდასავლური პროპაგანდის რაღაც ნიშნები, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ძალიან ემთხვევა რუსული კანონის ინიციირების პროცესს სოციალურ ქსელებში ანტიდასავლური ნარატივების გავრცელება. როგორც წესი, ეს ნარატივები ვრცელდებოდა იმგვარად, რომ ევროკავშირის, ევროპული სტრუქტურები არასწორად, დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი. ამ პროცესში, ასევე აქტიურად იყო ომის და „მეორე ფრონტის“ გახსნის საკითხები ნახსენები. მეორე მხრივ, საქართველოში, როგორც სამოქალაქო, მედია სექტორში, ისე ოპოზიციურ პარტიებზე აქტიური მცდელობა იყო, რომ სოციალურ ქსელში მათი წარმოჩენა ყოფილიყო არაზუსტი, ხშირად დამახინჯებული და ამით მომხდარიყო ამ აქტორების დელეგიტიმაცია“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ