ლიეტუვის დაზვერვას დაფინანსება არ ჰყოფნის

ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (VSD), რომელიც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურს წარმოადგენს, აცხადებს, რომ 2025 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში უწყებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება მისი კრიტიკული შესაძლებლობების შენარჩუნებისა და განვითარების საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.
„ბიუჯეტის კანონპროექტში VSD-სთვის შემოთავაზებული დაფინანსება ლიეტუვას ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებს არ შეესაბამება და ვერ უზრუნველყოფს დაზვერვის კრიტიკული შესაძლებლობების შენარჩუნებას და განვითარებას, რაც მუდმივ და პროგნოზირებად დაფინანსებას მოითხოვს“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც უწყებამ საინფორმაციო სააგენტო „ბი ენ ეს“-ს (BNS) გაუგზავნა.
დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, შესაბამის არგუმენტებს VSD, საჭიროების შემთხვევაში, იმ საპარლამენტო კომიტეტებს წარუდგენს, რომლებმაც მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტი უნდა განიხილონ.
„ასეთი მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების ცვალებად პირობებს, როდესაც აგრძელებს სამხედრო აგრესიას ში და არასტანდარტულ ოპერაციებს ევროპაში, მათ შორის ლიეტუვას წინააღმდეგ“, – ხაზგასმით აღნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი.
მთავრობის მიერ მოწონებული და ამ კვირაში პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს VSD-ის დაფინანსება 2,5 მილიონი ევროთ გაიზრდება.
ამით, დაზვერვის სამსახურის ასიგნებები მომავალ წელს, მთლიანობაში, 53, 021 მილიონ ევროს მიაღწევს, მაშინ როდესაც წლევანდელ ბიუჯეტში 50,521 მილიონი ევროა გამოყოფილი.
თუმცა, შემდგომი ორი წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით, დეპარტამენტის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება – 2026 წელს VSD-ს ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 47,6 მილიონი ევრო იქნება, ხოლო 2027 წელს – 47,8 მილიონი ევრო.
ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, დარიუს იაუნიშკისის განცხადებით, მის უწყებას ყველა სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულება, კერძოდ, ლიტვაში ჩასული ყველა მიგრანტის შემოწმება, არ შეუძლია, რაც, მისი თქმით, „ძალიან სერიოზულ“ კონტრდაზვერვით და ტერორისტულ რისკებს ქმნის, ამიტომ, დეპარტამენტს დამატებითი დაფინანსება სჭირდება.
დაზვერვის სამსახური თავისი ბიუჯეტის, მინიმუმ, 15 მილიონი ევროთ გაზრდას ითხოვს.
ლიეტუვას 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს მოიწონა, პარლამენტი (სეიმი) უახლოეს მომავალში განიხილავს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი