ოპოზიციონერმა რუსმა პოლიტიკოსმა, მაქსიმ კაცმა ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან განყოფილებასთან (LSM+) ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთში მოღვაწე პერსონების კუთვნილი დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის გათეთრებაში ლატვიურმა ბანკებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
ეს განცხადება მან თავის კვლევაზე საუბრისას გააკეთა, რომლის სახელწოდებაა „ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ფონდის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასა და „პრობიზნესბანკის“ აქციონერებს შორის კავშირების შესახებ“.
კითხვაზე, თუ როგორ აღიქვამდნენ რუსი ბანკირები ლატვიის საბანკო სისტემას „პრობიზნესბანკის“ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს, კაცმა უპასუხა, რომ „2010-2014 წლებში ის იყო მთავარი პლატფორმა მოპარული რუსული ფულის გასათეთრებლად“ (შენიშვნა: „პრობიზნესბანკი“ – რუსული კომერციული ბანკი, რომელმაც 2015 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ლიცენზიის გაუქმების გამო, მუშაობა შეწყვიტა – რედ.).
იმ პერიოდში, ლატვიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (LSM) არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია ამ სქემის შესახებ.
კაცის თქმით, რუსმა და ბრიტანელმა ბროკერები გასცემდნენ სესხებს ოფშორულ კომპანიებზე, რომლებსაც ბანკის მფლობელები აკონტროლებენ და სანაცვლოდ, „პრობიზნესბანკისგან“ ფულს იღებდნენ.
მაქსიმ კაცის განმარტებით, ლატვიის ბანკები მხოლოდ მცირე პერიფერიული ნაწილია ბევრად უფრო ფართო სქემისა, რომელიც მრავალ იურისდიქციას მოიცავს.
„ეს ფულის გათეთრების მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ მეორეც. ამიტომ, ყველა ოფშორულ კომპანიას გახსნილი ჰქონდა ანგარიშები ლატვიის ბანკებში, ისინი ერთმანეთს ურიცხავდნენ ფულს, გასცემდნენ სესხებს, რათა ეკონომიკური აქტივობის სურათი დაეხატათ… სხვათა შორის, ისინი ფულს ზოგჯერ უკუმიმართულებითაც რიცხავდნენ, რათა შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს, ფული მხოლოდ ერთი და იგივე მიმართულებით არ მოძრაობდა. ეს იყო ფულის გათეთრების პროცესის მრავალშრიანი ეტაპი, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ ყველასთვის გაუგებარი ყოფილიყო“,- ამბობს კაცი.
საკუთარი ბანკების მეშვეობით რუსული და ბელარუსული ფულის გამთეთრებლის რეპუტაცია ლატვიას 2018 წელს შეექმნა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ლატვიის ABLV ბანკი შავ სიაში შეიყვანა. მარეგულირებლებისა და პოლიტიკოსების დაგვიანებული, მაგრამ შეთანხმებული რეაქციის წყალობით, ლატვიამ საბოლოოდ გამოასწორა თავისი საბანკო სექტორის საეჭვო რეპუტაცია, რაც ახლახან შეერთებულმა შტატებმაც აღიარა.
წყარო: 1 არხი