მზესუმზირის ზეთი გაძვირდა, შეიმჩნევა დეფიციტიც

მსხვილ სავაჭრო ობიექტებში მზესუმზირის ზეთის სიმცირეა. დახლები, ფაქტობრივად, ცარიელია და არჩევანიც – მაქსიმალურად შეზღუდული. იმპორტიორები აცხადებენ, რომ პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით მცირე შეზღუდვა იყო და როგორც კი მდგომარეობა გამოსწორდება, მარაგიც შეივსება.
მესამე დღეა, დახლებზე ქართული დასახელების ზეთის გარდა, უცხოური თითქმის არ იშოვება და მომხმარებელს პროდუქტის ძვირად ყიდვა უწევს. ამასთან, ფასი საგრძნობლად გაზრდილია. კერძოდ, ამჟამად 1 ლ ზეთი 7-8 ლარზე ნაკლებად იშოვება, როცა სულ ცოტა ხნის წინ მისი შეძენა 4 ლარადაც შესაძლებელი იყო.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ პრობლემას, იმპორტიორებმა ,,რეზონანსს“ აცნობეს, რომ რამდენიმე დღის წინ მიწოდების მხრივ მცირე დაბრკოლება შეიქმნა, რომელიც მალევე გამოსწორდა, რითიც, სავარაუდოდ, ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს და ფასები მყისიერად გაზარდეს.
ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტების ნაწილში, სადაც მზესუმზირის ზეთი ჯერ კიდევ შემორჩა, ფასები მასობრივად გაზრდილია. დეფიციტის მიზეზზე სუპერმარკეტების წარმომადგენლები არ საუბრობენ, თუმცა დასაქმებული პერსონალი პრობლემის არსებობას ადასტურებენ.
,,სათავო ოფისიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საწყობებში ზეთის მარაგი ამოწურულია და სანამ ახალ პარტიას არ მიიღებენ, დახლების შევსებას ვერ შევძლებთ. გვეუბნებიან, რომ მცირეხნიანი ხარვეზია და მალე გამოსწორდება, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს”, – აღნიშნავს ერთ-ერთი წამყვანი სუპერმარკეტის კონსულტანტი ია ნიჟარაძე.
მცირე მარკეტებში პრობლემაზე უფრო ღიად საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ძველი მარაგი აქვთ და ზეთის დეფიციტს არ განიცდიან, თუმცა ფასები იქაც შეიცვალა.
როგორც ნაძალადევში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა მერი სხულაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში დიდი მოთხოვნა იყო, რამაც რეალიზაციისას მცირე პრობლემა შექმნა და ფასების გარკვეული კორექტირება გახდა საჭირო.
,,წინა კვირას ერთბაშად გაიზარდა მოთხოვნა, სეზონური ცვლილებაა, რაც ამ პერიოდისთვის ყოველთვის არის დამახასიათებელი. საგანგაშო ვითარება არ არის, მაგრამ დაძაბულობა მაინც შეიმჩნევა. კონკრეტულად რას უკავშირდება დეფიციტი და რამ გამოიწვია პრობლემა, ვერ გეტყვით. ჩვენს მაღაზიას ამ მხრივ პრობლემა ყველაზე ნაკლებად შეეხო, მაგრამ მომხმარებელი მაინც გაურკვევლობაშია.
რაც არ უნდა იყოს, ზეთის მარაგი საქართველოში არის იმ დონეზე, რომ სამომხმარებლო ბაზარზე კრიზისი არ გაჩნდეს, მერე ახალი პარტიაც შემოვა და სიტუაცია დასტაბილურდება. მიუხედავად ამისა, გაზრდილი მოთხოვნის გამო პროდუქტი დაახლოებით 2 ლარით გაძვირდა და ახლა 1 ლიტრი ზეთი 7ლარი ღირს. ეს არის რუსული ბრენდი “ოლეინა”, ამაზე იაფად დახლებზე ზეთი, პრაქტიკულად, არ იშოვება. არ ვიცით, გაიაფდება თუ არა, გააჩნია, დისტრიბუცია რა ფასად მოგვაწვდის“, – აღნიშნაბა მაღაზიის მენეჯერი.
საკვები პროდუქტების იმპორტიორი, ინდმეწარმე თენგიზ ფაცაცია ზეთის ბაზარზე არსებულ პრობლემას ქსელური მარკეტების არაჯანსაღ პოლიტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ ბოლო დრომდე ფასები აქციების საშუალებით ხელოვნურად იაფდებოდა, რამაც მერე მარაგის კუთხით შექმნა პრობლემა. ამას გლობალური ფაქტორიც დაემატა და იმპორტში მცირე წყვეტა გაჩნდა.
,,ზეთის იმპორტს ყველაზე რთულ პერიოდშიც არ შექმნია დაბრკოლება და არც ახლა პანიკის საფუძველი. გეოპოლიტიკურად რთული სიტუაციაა და მცირე ხარვეზმა ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი მომარაგებისას, ეს მდგომარეობაც გამოსწორდება.
ჩემი აზრით, უფრო მეტი პრობლემაა ზოგიერთი სუპერმარკეტის საფასო პოლიტიკაა, ლამის 2 ლარამდე დაწიეს ფასი, რამაც მოთხოვნის ზრდა გამოიწვია და მარაგსაც შეეტყო. დიდხანს არ გასტანს ასე და ყველაფერი გამოსწორდება, ალბათ, ახლანდელი ფასი დარჩება ან მცირედით შემცირდება”, – ამბობს იმპორტიორი.
საქართველოში ზეთის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი კომპანია ,,ჩირინაა”. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ აღნიშნა, საწარმოში რამდენიმე კვირის მარაგი მუდმივადაა. შესაბამისად, ზეთის დეფიციტს არ განიცდიან და არც საფრთხეს ხედავენ.
,,ზეთი პირველადი მოხმარების პროდუქტია და უწყვეტი მოწოდება აქამდე არ შეზღუდულა. არ მსმენია, რომ პრობლემა იყოს, ჩვენ საკუთარი მარაგი გვაქვს და ამ მხრივ არანაირ პრობლემას არ განვიცდით. თუკი სადმე იმპორტი შეფერხდა, გამოსწორდება, გლობალურად არ არის იმის საფუძველი, რომ მიწოდების რისკი გაჩნდეს. თუკი სადმე დეფიციტია, ეტაპობრივად შეივსება, არ მგონია, ამ გაურკვევლობამ დიდხანს გასტანოს”, – განაცხადა ვაშაკიძემ.
როგორც ცნობილია, კომპანია „ჩირინა“ მზესუმზირას ზეთის წარმოებას იწყებს, რისთვისაც ქარხანა უკვე აშენებულია, ხოლო ნედლეულის ჩაბარებას ფერმერებისგან გეგმავენ. რევაზ ვაშაკიძე ამ ეტაპზე დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა აცხადებს, რომ ზეთის წარმოებასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ.
მისი თქმით, საბჭოთა საქართველოში მზესუმზირას მოსავალი საკმაოდ მაღალი იყო, შესაბამისად ქარხნებიც აქტიურად მუშაობდა. დღეის მდგომარეობით, მზესუმზირას ზეთის წარმოება გაჩერებულია ან თუ ვინმე აწარმოებს, ასეთი ფაქტი იშვიათია.
„ჩვენი ინტერესია საქართველოში მზესუმზირის ზეთის წარმოება და იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულების შემცირებაა. ჩვენ მაღალი ზეთის შემცველობის მზესუმზირა გვაინტერესებს, რისთვისაც იმპორტულ ნედლეულს შემოვიტანთ. საშუალება გვექნება, რომ “ჩირინას” მოხმარებაც დავაკმაყოფილოთ და ასევე სხვა კომპანიებსაც მივაწოდოთ“, – განაცხადა ვაშაკიძემ.
2023 წელს საქართველომ 2.6 მლნ დოლარის 1 961 ტონა ზეთი იყიდა. გამოდის, რომ წელს საქართველომ 1 ლიტრში 1.30 დოლარი. იმპორტის 76%-ზე მეტი რუსეთზე მოდის.
რაც შეეხება 2022 წელს ზეთის იმპორტის მოცულობას, საქართველომ წლის განმავლობაში 47.7 მლნ დოლარის ღირებულების 28 130 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, საიდანაც დან იმპორტირებული პროდუქტის წილი 41.4 მლნ დოლარის ღირებულების 24 794 ტონას შეადგენდა.
წყარო: რეზონანსი