პრეზიდენტი უერთდება მარშს „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“

საქართველოს პრეზიდენტი უერთდება 20 ოქტომბერს დაგეგმილ მარშს „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
„დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე, იმიტომ რომ ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც კი არჩევნებზე დაინახავენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, დაუბრუნდნენ ევროპულ გზას, საქართველოს ევროპელი პარტნიორები მზად არიან, გაწევრიანების გზაზე სწრაფად წასწიონ ქვეყანა წინ და აღუდგინონ შეჩერებული ფინანსური დახმარებები. ზურაბიშვილის თქმით, ეს და „ქართული ქარტიის“ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა დღეს მას ევროკავშირის ელჩმაც დაუდასტურა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება — ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს. გზა, რომელზედაც ვდგებით, არის განვითარების, მშვიდობის, განათლების და გაერთიანების. ვიცი, ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ისიც ვიცი, რომ თქვენს მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ზეწოლა, რომ დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება. თქვენ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის და არც ერთი კვირაში, თქვენი ყველა ხმის იქ მიტანის, სადაც გადაწყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ოთხივე ძირითადი ოპოზიციური პარტია (ენმ, კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო და „გახარია საქართველოსთვის“) „რჩება სრულიად ერთგული ქარტიისა“, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების გარანტია იქნება.
„ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ 4 პარტიისთვის, მიგვიყვანს ევროპაში. ამ ხმების ჯამი მიგვიყვანს ევროპაში. თქვენ აირჩიეთ, რომელი გირჩევნიათ და ოთხივე პარტია ერთად და ჩემთან ერთად, როგორც „ქართული ქარტიის“ ინიციატორთან და გარანტორთან წავალთ ამ გზაზე“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ