გამართული სისტემებით შუა დერეფანი უფრო პოპულარული გახდება”- ჩინურმა მხარემ საქართველოს რენტგენოსკანერები უსასყიდლოდ გადასცა

საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჩინეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების უსასყიდლო გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების გადმოცემა საქართველოსა და ჩინეთს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგია.
ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობათაშორისი, 2019 წლის 13 თებერვლის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს საზღვრებზე, ჯამში, უკვე დამონტაჟებულია 7 რენტგენოინსპექტირების აპარატი.
მსგავსი თანამედროვე ინსპექტირების აღჭურვილობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საბაჟოს შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს მიწოდების გლობალური ჯაჭვის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს კანონიერ ვაჭრობას და აძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.
„თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად მოხდა შუა დერეფნის იდეაზე მუშაობა. სამომავლოდ, შუა დერეფნის ეფექტური მუშაობა და გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ ჩინეთში ამ დარგის წამყვანი კომპანიის მიერ ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული საბაჟო ინსპექტირების აპარატურა, დაეხმარება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს მუშაობის გაუმჯობესებაში. გაზრდილი ეფექტურობითა და გამართული სისტემებით, შუა დერეფანი კიდევ უფრო პოპულარული გახდება, გააუმჯობესებს საქართველოს ლოგისტიკის სფეროს და სარგებლის მომტანი იქნება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ამ დერეფანში მოიაზრება. გვიხარია, რომ ჩინეთი იქნება ამ პროცესის მონაწილე და საქართველოს მტკიცე პარტნიორი შუა დერეფნის განვითარების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.

ასევე დაგაინტერესებთ