ბათუმის “დინამოს” ახალმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის “ფეისბუქის” გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:
“მოგესალმებით ყველას, რამდენიმე დღის წინ, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი. შევთანხმდით, რომ ამიერიდან აჭარულ კლუბს ვუხელმძღვანელებ. მადლობა ამ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს.
ჩემთვის დიდი პატივია, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელობა. ვიცი, რა მასშტაბის კლუბია “დინამო” – ჩემპიონ გუნდში მოსვლას მწვრთნელისთვის, პლუსებიც აქვს და მინუსებიც. მინუსი ის არის, რომ ამ გუნდმა რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელებთან, მწვრთნელებთან ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან ერთად, იმდენი რამე მოიგო, რომ… ძნელია, კიდევ
ბევრ რამეს მიაღწიო, თუმცა ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. მჯერა ერთობლივად რასაც დავგეგმავთ, გამოგვივა. ვფიქრობ, ბოლო წლებში ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის “დინამო” გამორჩეული პროექტია.
ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ რა ატმოსფეროც სუფევდა სტადიონზე, როგორი მხარდაჭერაც იგრძნობოდა გულშემატკივრების მხრიდან, ის დაბრუნდეს. თავი რომ იგრძნო კარგად, მწვრთნელად, ფეხბურთელად, სივრცე არის საჭირო. ეს იყო ერთ-ერთი სივრცე, სადაც მწვრთნელად ვგრძნობდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს, მოწინააღმდეგეთა შორის ვიყავი.
არ მიყვარს ისეთი დაპირებები, რომლის გაკეთებაც არ შემიძლია. ამ ეტაპზე გათამაშების ცხრილში ქვევით ვერ ჩავალთ, თუმცა ვერც მაღალ საფეხურებზე ვიქნებით, რადგან ქულათა სხვაობა ბევრია, თამაშები კი ცოტაა დარჩენილი. ვეცდებით, მომავალში თამაშის ხარისხი გამოვასწოროთ, შევჯერდეთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მომავალში გამოგვადგებიან. ფაქტობრივად, თავიდან ვიწყებთ გუნდის შენებას.
მჯერა იმ ადამიანების, ვინც დამხვდნენ გუნდში. მჯერა იმ ადამიანების, ვინც მოვლენ, როგორც ფეხბურთელები, ასევე სტაფის წევრები. იმედი მაქვს, ერთმანეთის გვერდში დგომითა და დაუღალავი შრომით, მიზანს მივაღწევთ”.