მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სემეკმა რეგულაციები შეიმუშავა.
მარეგულირებლის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებებით, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად – ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტისთვის განცხადებით მიმართვა.
“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ადრე ყველა ცალ-ცალკე აყენებდა გათბობის ქვაბებს და ინდივიდუალურად დაყენებული გათბობის ქვაბების შემთხვევაში ხარჯი გაცილებით დიდია, თუ ეს იქნება ცენტრალიზებულად უფრო ეფექტიანია ხარჯების თვალსაზრისით და მეორე, ადმინისტრირების თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა ფასადზე ცალ-ცალკე ჩამოკიდებული ქვაბები, შემდგომ მისი ექსპლუატაცია, ტექნიკურად ხშირად გამოდის წყობიდან და ა.შ უამრავი დისკომფორტი ახლავს მომხმარებლის მხრიდან, რაც იხსნება დღის წესრიგიდან.
რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა, ვინც მოწესრიგებული დეველოპერები არიან, რომელთაც ცენტრალური საქვაბე სისტემები დააყენეს და მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი სისტემებით დაყენებული და მიღებული ენერგიის ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები არ იყო მკაფიოდ დარეგულირებული, სწორედ ამიტომ მარეგულირებელმა კომისიამ იზრუნა ამაზე, იყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და შემდეგ უკვე მივიღეთ აღნიშნული წესი ფართო კონსულტაციების საფუძველზე“,-განაცხადა BM.GE-სთან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
სემეკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა ცენტრალური გათბობის სისტემაში მოხმარების მიზნობრიობით და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობიდან გამომდინარე განხორციელდება. ამისთვის საჭიროა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ცენტრალური გათბობის სისტემა აკმაყოფილებდეს შემდეგ 2 პირობას: პირველი, ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მიერ მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით და მეორე, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ცენტრალური გათბობის სისტემა უნდა სარგებლობდეს განახლებადი ან და ალტერნატიული წყაროთი.
სემეკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოყვანა შემდეგნაირად განხორციელდება:
მაგალითად, თუ საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო ცენტრალურ გათბობის სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება განხორციელდა საყოფაცხოვრებო მიზნით, ლიცენზიატი განახორციელებს საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული წილის გამოყვანას და აღრიცხულ 1000 მ3-დან 800 მ3-ზე დარიცხავს საყოფაცხოვრებო ტარიფს, ხოლო დარჩენილ 200 მ3-ზე – მომხმარებელს არასაყოფაცხოვრებო ტარიფის გადახდა მოუწევს.