ლავროვი იმეორებს „ოცნების“ ნარატივს და თბილისს კვლავ ეპატიჟება „3+3“ ფორმატში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ ეპატიჟება საქართველოს „3+3“ ფორმატში.
„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, — ყოველთვის ასე ვაკეთებთ, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით — რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ღიაა. ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შემოუერთდებიან ფორმატის მუშაობას. როგორც კი თბილისი გადაწყვეტს, შეუძლია დაიკავოს კუთვნილი სკამი“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა თურქეთში, „3+3“ რეგიონული პლატფორმის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის ს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასახელა არა-რეგიონული მოთამაშეების მცდელობები, „თავისი პირობები უკარნახონ“ ამ რეგიონის ქვეყნებს.
სერგეი ლავროვმა გაიმეორა „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული ნარატივი, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას გეგმავს.
„საქართველოს საკითხს რომ დავუბრუნდე, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა დასავლეთის ცნობილი მცდელობები, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას. იგულისხმება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია და ურთიერთობების გახურება საქართველოსა და ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს თბილისთან კონტაქტები.
„ჩვენ გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ შეუძლიათ, უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილონ აქტუალური საკითხები , უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების შესახებ “, — განაცხადა ლავროვმა.
„3+3“ არის ბაქოსა და ანკარას ინიციატივით ჩამოყალიბებული ფორმატია და მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და მათ სამ დიდ მეზობელს (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შორის თანამშრომლობას. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში შედგა, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვება იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს — მხარე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს. მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვის შეხვედრისას ქართული დროშა მაინც გამოიყენეს, რაც ოფიციალურმა თბილისმა დაგმო.
მოსკოვმა არაერთხელ გაიმეორა თავისი მოლოდინი, რომ საქართველო „3+3“ ფორმატის შეხვედრებს შეუერთდება.