გუდაურს საერთაშორისო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) დელეგატები ინსპექტირების მიზნით ეწვივნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, გუდაურს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) დელეგატები, მათ შორის, შეჯიბრის დირექტორი კლაუს ვალდნერი, სკი და სნოუბორდ კროსის მიმართულების ასისტენტებთან და ტრასების მშენებლებთან ერთად ესტუმრნენ.
FIS-ის წარმომადგენლებმა კურორტზე, 2024-2025 წლის მსოფლიო თასების გასამართ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გეგმიურ ინსპექტირება განახორციელეს. ფედერაციის წარმომადგენლებმა კურორტზე ტრასების რელიეფი შეისწავლეს. მათ შორის, სკი კროსის საშეჯიბრო ტრასისთვის არეალები შეარჩიეს და დააგეგმარეს. ამასთან, უკვე არსებული, სნოუბორდ კროსის საშეჯიბრო ტრასის ინფრასტრუქტურაც შეამოწმეს.
„2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოს სამთო კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში ჩატარდება, რომელიც დეკემბერსა და მარტში გაიმართება. აქტიურად ვემზადებით საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. მზად ვიქნებით ყველა მიმართულებით. გამოცდილება გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება მაღალი ხარისხით შეგვიძლია. საქართველოს მთის კურორტების პოზიციონირება საერთაშორისო მასშტაბით 2024-2025 წლის სეზონზეც აქტიურად მოხდება,“- განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა (MTA) ირაკლი ბურჭულაძემ.
საქართველომ, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, მსოფლიო თასის ეტაპებს მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში, წარმატებით უმასპინძლა. შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე შეფასდა.
2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდგომ, FIS-ის გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ