„წლების განმავლობაში ლიდერები ვიყავით. სამწუხაროა, რომ რეიტინგი მოკლე პერიოდში დაეცა“ – როგორ აფასებენ Global Finance-ს რეიტინგს
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. 2023 წელს საქართველოს რეიტინგის სათავეში იყო და საუკეთესო ადგილს ,,TETS’’ სტატუსით იკავებდა. რეიტინგის სათავიდან რეიტინგის ბოლოში მოხვედრას მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა.
რეიტინგში უკიდურესი დაქვეითება ნათია თურნავას იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 2023 წლის სექტემბერში მიიღო. Global Finance-ი აცხადებს, რომ ნათია თურნავამ ვერ შეძლო ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულება.
საერთაშორისო ფინანსური გამოცემის რეიტინგში დაქვეითებას სამწუხაროს უწოდეს ეკონომისტი დავით კეშელავა. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ის აცხადებს, რომ გაუარესებული მაჩვენებელი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიმართ არსებულ კითხვებსა და პრეტენზიებს უკავშირდება.
,,წლების განმავლობაში ლიდერები ვიყავით ამ რეიტინგის და სამწუხაროა, რეიტინგის საუკეთესო პოზიციიდან ყველაზე უარეს პოზიციამდე ასეთ მოკლე პერიოდში დაცემა. მე პირადად ასეთი რამ არ მახსენდება. ეროვნული ბანკის პოლიტიკას რაც შეეხება, აქ უფრო ნაკლები პრეტენზია შეიძლება გვქონდეს, ვიდრე დამოუკიდებლობის კუთხით. სამწუხაროდ, ნეგატიური ტენდენციები შეინიშნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის კუთხით. პირველ რიგში ვგულისხმობ, იმ ცნობილ მოვლენებს, როდესაც დაასანქცირეს ფარცხალაძე და ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა დეკრეტი, რომელიც დასანქცირებულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევდა სწრაფი რეაგირება ჰქონოდა. ეს ვერ შეფასდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობად. დამოუკიდებლობის კუთხით, სამწუხაროდ ჩავარდნებია. თუ გახსოვთ, როდესაც საბჭოს წევრებმა დატოვეს ბანკი, მაშინ საუბარი იყო ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ეს შავი ლაქასავით არის. რაც ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე მოქმედებს“, – აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში დავით კეშელავა.
