„კაპიტალური პროექტების ათვისება 2.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიური გეგმის 59%“ – აუდიტის მოხსენება ბიუჯეტის შესრულებაზე

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, შემოსულობების მოცულობა 24.6 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელების – 25 მლრდ ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტი აქვეყნებს.
„შესაბამისად, დაიგეგმა ბიუჯეტის ნაშთის გამოყენება 461 მლნ ლარის ოდენობით. 8 თვის მდგომარეობით, ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსულობებმა 16.7 მლრდ ლარი, ხოლო გაწეულმა გადასახდელებმა 16.3 მლრდ ლარი შეადგინა.
2024 წლის 8 თვის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლები მობილიზების მაღალი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ამ პერიოდში მიღებულია საგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმური მაჩვენებლის 68.4%, მაშინ როდესაც 2022-2023 წლების ანალოგიური მაჩვენებლები, შესაბამისად, 59.8% და 64.1%-ია. წინა წლებთან შედარებით, მობილიზების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ყველა საგადასახადო შემოსავალი გარდა აქციზისა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელზე გადაჭარბება.
სხვა შემოსავლების კუთხით აღსანიშნავია საპროცენტო შემოსავლები, სადაც რვა თვეში მობილიზებულია 225 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 80.2%-ია.
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმიდან ჩამორჩენით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსულობები. 8 თვის მონაცემებით, ამ კომპონენტში მობილიზებულია 97 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 49.8%-ია“, – ნათქვამია აუდიტის მოხსენებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვის ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 65.0%-ს (16.3 მლრდ ლარს) შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს გადასახდელების თანაბარზომიერი ათვისების ტენდენცია გაუმჯობესებულია, რაც ძირითადად განაპირობა „ხარჯების“ მუხლის დინამიკამ. თუმცა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის შემთხვევაში გრძელდება გასული წლების ტენდენცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორც მხარჯავი დაწესებულებების ასევე მაკოორდინირებელი უწყების მხრიდან, ყურადღება მიექცეს გამოყოფილი რესურსის დროულ ათვისებას, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის წლის ბოლო თვეში დახარჯვა.
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში, საყურადღებოა, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებსა და დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობაში. კერძოდ:
ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში ადგილი აქვს თანხების მობილიზებას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ასიგნებების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე;
– გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროგრამების/ქვეპროგრამების ან ცალკეული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების ფარგლებში ჭარბი ოდენობით რესურსის დაგეგმვას ან/და წლის განმავლობაში აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებას სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე;
– გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, 8 თვის მდგომარეობით, 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით 80%-ზე დაბალი ათვისება აქვს 70 პროგრამასა (პროგრამების 45.2%) და 149 ქვეპროგრამას (ქვეპროგრამების 37.9%).
8 თვის მდგომარეობით, კაპიტალური პროექტების ათვისება 2.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიური გეგმის 59% (2023 წელს 52%), ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 91%-ია (2023 წელს 86%). 23 პროექტის შემთხვევაში ათვისებულია როგორც წლიური გეგმის, ასევე 9 თვის დაზუსტებული გეგმის 60%-ზე ნაკლები (2023 წელს – 25 პროექტი). მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების/პროექტების განხორციელების შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით, მნიშვნელოვანია, განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება მიექცეს პროექტების მართვის პროცესში პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას და მათ გათვალისწინებას.
2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 30.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 1.0 მლრდ ლარით (3.2%-ით) აღემატება. სახელმწიფო ვალის არსებული ნაშთი სახელმწიფო ბიუჯეტის მოქმედი კანონით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლის (33.7 მლრდ ლარი) 99.6%-ს შეადგენს.
მთავრობის ვალის მოცულობა 8 თვის მდგომარეობით 32.5 მლრდ ლარს შეადგენს და 2023 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 მლრდ ლარითაა (3.4%-ით) გაზრდილი. მათ შორის, მთავრობის საშინაო ვალი 773 მლნ ლარით, ხოლო საგარეო ვალი 286 მლნ ლარით გაიზარდა. მთავრობის საგარეო ვალი ახალი კრედიტების აღების შედეგად 251 მლნ ლარით, ხოლო ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად 35 მლნ ლარით გაიზარდა.
საყურადღებოა, რომ მთავრობის ვალის მართვის მოქმედი სტრატეგიით, საგარეო ვალის პორტფელში ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტების მოცულობა მინიმუმ 50%-ს უნდა შეადგენდეს. თუმცა 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული ნიშნული დარღვეულია და ზემოხსენებული კრედიტების წილი მთლიანი პორტფელის 48.4%-ია.
2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განხორციელდა ჯამურად 871.9 მლნ ლარის ათვისება, რაც წლიური გეგმის 62.8%-ია. ათვისების აღნიშნული მაჩვენებელი 6.8 პ.პ.-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ასევე დაგაინტერესებთ