იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს.
როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება.
რაც შეეხება კომისიის სხდომაზე დაბარების მიზეზს, როგორც ბრეგაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა განმარტოს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ინიციატივა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს.
„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მის განცხადებასთან დაკავშირებით გავუგზავნეთ, რომელიც შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს მობრძანება ვთხოვეთ, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა მათი მხრიდან წერილობითი განმარტება გაკეთდა, რაც კომისიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ წერილს გავუგზავნით და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდგომ სხდომაზე აუცილებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოცხადდეს და განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით გააკეთოს, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ „საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება“. ეს განცხადება შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას შეიცავდეს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.