შალვა პაპუაშვილი „ოცნების“ ბანერის გადაღებვაზე – ხშირად უნდა შეხედონ ამ ბანერებს ქალბატონმა ხატიამ და ბატონმა გიგი უგულავამ, რომ თავიანთ დანაშაულს ჩახედონ თავლებში – ეს ბანერები მათ დანაშაულს ასახავს

ისინი შეეცადნენ საკუთარი დანაშაული გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ. რომ ვერ დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ საღებავით დაეფარათ, ვინაიდან ეს ბანერი მათ დანაშაულს ასახავს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ლიდერების მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის გადაღებვას.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ოპოზიცია სწორედ იმ მომავალს უმზადებდა საქართველოს, რაც ბანერებზეა ასახული.
„სხვათა შორის, ძალიან კარგია ის, რაც გუშინ ვნახეთ. სინამდვილეში, ამან ხომ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დაადასტურა ის მიზანი, რომელიც ამ ბანერებს ჰქონდა. ისინი შეეცადნენ საკუთარი დანაშაული გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ. რომ ვერ დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ საღებავით დაეფარათ, ვინაიდან ეს ბანერი მათ დანაშაულს ასახავს, ამიტომ არის ეს ბანერი მნიშვნელოვანი. რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს ეს ბანერი და ხშირად შეხედონ ზუსტად ქალბატონმა ხატიამ, ბატონმა გიგი უგულავამ, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები -„დიახ, მე ომი მინდა“. გიგი უგულავას ომი რომ უნდა, უნდა შეხედოს და თავის დანაშაულს ჩახედოს თავლებში. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „ახლები“ – ყველა ეს კოლექტიური ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში გარედან იმართება, ზუსტად ამ მომავალს უმზადებდა ქართველ ხალხს, იმ მომავალს, რომელსაც ჩვენ ამ ფოტოებზე ვხედავთ, ამიტომ კარგია, რომ ეს რეაქცია ჰქონდათ, როგორც ჩანს, სარკეში რომ ჩაიხედეს და საკუთარი დანაშაული დაინახეს და ეს პროპაგანდით ვეღარ დაფარეს, შეეცადნენ საღებავით დაეფარათ ეს.
ზუსტად ეს არის მიზანი, რომ საზოგადოებამ გაიაზროს კიდევ ერთხელ, თუ სად მიგვაქანებდა ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, როცა 2022 წლის თებერვალ-მარტში, რუსთაველის გამზირზე იდგნენ და მოხალისეების გაგზავნას, სთვის სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას და ა.შ ითხოვდნენ. ასე რომ, ამ ბანერებს უნდა უყურონ და საკუთარ დანაშაულს ჩახედონ თვალებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირებაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა განხილოს, თუ რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას მათი საქმიანობა.
„12 წლის თავზეც, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად აქტიურია და არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გარკვეულ მხარდაჭერას, ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა ქართული დემოკრატიისთვის. როცა კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები პოლიტიკურად აქტიურები არიან და შესაძლებლობა ეძლევათ, გარკვეული გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომაც ვაინიცირებთ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვას, ეს ჩვენი ერთ-ერთი დაპირებაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა განხილოს, კონსტიტუციას რამდენად შეესაბამება და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
როგორც იქნა, 2 წლინახევრის თავზე, ევროკავშირის სტრუქტურებმა აღიარეს, თუ სინამდვილეში რა მოთხოვნა ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ევროპარლამენტის რეზოლუციაში საზოგადოებამ პირდაპირ წაიკითხა ის, რაც ხელისუფლებამ დიდი ხანია იცოდა და რასაც ხელისუფლებას დახურულ კარს მიღმა დიდი ხანი ეუბნებოდნენ. ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რეაქცია, რომ დიახ, ისინი შეასრულებენ რეზოლუციაში ჩაწერილ მოთხოვნას და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს სანქციებს დაუწესებენ. ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ განაცხადა, რომელსაც საარჩევნო პროგრამაში უწერია, რომ ყველა სანქციას შეუერთდება, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული. მათი საარჩევნო დაპირება ესკალაციის გაზრდაა რუსეთთან, რაც პირდაპირ ეკონომიკის ჩამონგრევას და პირდაპირ საქართველოს სამხედრო დაპირისპირებაში შეყვანას ნიშნავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერზე წარწერა: „არა ომს“ თეთრი საღებავით გადაღებეს.

ასევე დაგაინტერესებთ