მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა „ტექნიკური მთავრობის“ დაკომპლექტებას შეეხებოდა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასე უპასუხეს:
„პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია“.
საქართველოს პრეზიდენტი აპირებს საპარლამენტო არჩევნებამდე დაასახელოს ტექნიკური მთავრობა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ „ქართულ ქარტიას“ მოაწერა ხელი, ამ საკითხზე სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობს.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “ქარტიის” პირობებს შეასრულებენ.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.
“ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ “ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, – წერია „ქართულ ქარტიაში“.