პრემიერი – სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებული ანკეტა ნებისმიერ ქვეყანაში ივსება მოსწავლეების მიერ – მას წარმოდგენა რომ არ გაქვს პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა

ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში თანამდებობიდან გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს – ეს არის სიმბოლური აქტი, რადგან ერთ თვეში ისედაც უწყდება უფლებამოსილება, ისედაც მიდის სახლში, მაგრამ არ შეიძლება მოღალატე და კონსტიტუციის დამრღვევი ადამიანი იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს პრეზიდენტის თანამდებობიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა.
„საკონსტიტუციო უმრავლესობას გავიმეორებთ, იმიტომ, რომ 60% რეიტინგით თავისუფლადაა შესაძლებელი 100-ზე მეტი მანდატის მოპოვება. გვინდა, მნიშვნელოვნად გადავცდეთ 100 მანდატს, შესაბამისად, იმპიჩმენტი აბსოლუტურად რეალურია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს [იმპიჩმენტი] არსებითად სიმბოლური აქტია, რადგან აქედან ერთ თვეში სალომე ზურაბიშვილს მაინც გაუვა უფლებამოსილების ვადა, თუმცა იმპიჩმენტს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს – არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც უხეშად, მიზანმიმართულად და შეგნებულად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ღალატს ჩადიოდა, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან. ეს სწორი არ იქნებოდა. ამიტომ, მას ერთი თვით ადრე, ნაადრევად შეუწყდება უფლებამოსილება იმპიჩმენტის საფუძველზე. წინა იმპიჩმენტიც სიმბოლური აქტი იყო და ყველას დავანახეთ, რომ ერთადერთი, ვისი ხმებითაც რჩება თანამდებობაზე, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. დღეს რომ მას პრეზიდენტის თანამდებობა უკავია, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხმების დამსახურებაა. ახლა სხვა მოცემულობა იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება. პრემიერის განცხადებით, ანკეტა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა, სტანდარტულია და მოსწავლეების მიერ ნებისმიერ ქვეყანაში ივსება.
„სალომე ზურაბიშვილიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრია. სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, სტანდარტული ანკეტაა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ივსება მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამ ხალხს კომპეტენცია არ მოეთხოვება“,- განაცხადა კობახიძემ.