ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024

დავით ზურაბიშვილი – “ოცნებასთან” ურთიერთობებს დასავლეთი გადასინჯავს, თუ “ოცნება” წესიერ არჩევნებში გაიმარჯვებს ანუ ხალხს მართლა სურს ასეთი ხელისუფლება”
“ვისაც უნდა, შეუძლია ხელმოწერა უკან გაიწვიოს” – რას შეცვლის ს წინ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელება
ირაკლი მელაშვილი – “ხელისუფლებამ არასწორი გათვლები გააკეთა…“
* * *
დავით ზურაბიშვილი – “ოცნებასთან” ურთიერთობებს დასავლეთი გადასინჯავს, თუ “ოცნება” წესიერ არჩევნებში გაიმარჯვებს ანუ ხალხს მართლა სურს ასეთი ხელისუფლება”
“მე მგონია, `ოცნება~ განსაკუთრებულს არც არაფერს გეგმავს. გასაგებია, რომ გახარიასა და “ლელოზე” გართულება აქვთ, განსაკუთრებით გახარიას ვერ იტანენ, რადგან თუ “ოცნება” ამომრჩეველს კარგავს, ის პირველ რიგში გახარიასთან და შემდეგ “ლელოსთან” წავა. ამიტომაც, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დაარტყან და მდინარაძემ გახარიას მიუძღვნა მთელი პრესკონფერენცია, სადაც სასწაულები ილაპარაკა. თუმცა იმდენად არის უკვე აჭრილი სიტუაცია თავად “ოცნებაში”, ფაქტობრივად, ყველა ჩანაფიქრი გაუცუდდათ და ახლა სპონტანურად იგონებენ რაღაცებს, მაგრამ არაფერი გამოსდით… ბოდიშის მოხდამ ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ მიხვდნენ, აღარ უნდა ეხსენებინათ და აღარც იქნება, აფხაზები ტყუილად ელიან ბოდიშის მოხდას. რაც შეეხება პოლიტიკის შეცვლას, პოლიტიკა არა აქვთ და რა უნდა შეცვალონ?” – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია ერთი კლასტერია, ბოლოს ამას გახარიაც მიხვდა და მოაწერა ხელი”.
“ამათი პოლიტიკა ხელისუფლებაში დარჩენაა, ბიძინა რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ჩაბეტონდეს და როგორც თვითონ გვითხრა, მინიმუმ 10 წელი კიდევ იყოს. მათი ყველა განცხადებაც ამას ემსახურება… რაღაცნაირად იმის თქმასაც ცდილობენ, ჩვენ კი დავადექით ამ გზას, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, “გლობალური ომის პარტიასთანაც” დავლაგდებით, მთავარია, მოვიდეთო. მაგრამ ასეთი ქმედებებით ვის მოუგია, ამათ რომ მოიგონ? რაც შეეხება მეუფის -ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრას, წარმოდგენა არა მაქვს იქ რა ილაპარაკეს, ან საერთოდ გაიმართა თუ არა შეხვედრა. ერთი ნამდვილად ვიცი, “ოცნების” ხელისუფლებასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, ევროპა და აშშ ამათ აღარ დაელაპარაკებიან. საქართველოს ხელისუფლება პერსონა ნონ გრატაა დასავლეთში. ყველა არჩევნების შედეგებს ელოდება. ივანიშვილისა და მისი გუნდის განცხადებები, არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთო, სრულიად ფანტასტიკურია, მაგრამ თუკი არჩევნებში გაიმარჯვეს, გადატვირთვის იმედი აქვთ. ამაში მაინცდამაინც არც ცდებიან, ოღონდ არის ერთი “მაგრამ” – ეს უნდა იყოს წესიერი არჩევნები, სამართლიანი და დემოკრატიული. თუ გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”, ანუ თუ ხალხს მართლა სურს ასეთი ხელისუფლება და ამათ აძლევს კარტ-ბლანშს, მაშინ დასავლეთი ურთიერთობებსაც გადასინჯავს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ეს არ იქნება ურთიერთობა მეგობრულ ქვეყანასთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირში მიღებაზე ლაპარაკიც არ იქნება. უამრავი პროგრამა შეწყდება, მაგრამ რაღაც ურთიერთობის ფორმას მოძებნიან და ასე, დამდურებულივით არ იქნებიან, ახლა საერთოდ რომ არ ეკარებიან. რაღაც დონეზე რაღაცებს შეინარჩუნებენ. თუმცა რასაც ვამბობ, ეს მხოლოდ თეორიაა, რადგან გამორიცხულია, “ქართულმა ოცნებამ” მეტ-ნაკლებად წესიერად ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვოს. ამაზე არაფერი მიუთითებს. ქართველი ამომრჩეველი ოთხი წლის წინაც ოპოზიციური იყო და ეს არჩევნების შედეგებში გამოჩნდა, უბრალოდ, ყველა პარლამენტში ვერ მოხვდა და პლუს, იყვნენ მაჟორიტარები. მას შემდეგ გახარიაც ოპოზიციაში წავიდა და ახლა შედარებაც არ არის, იმდენად ძლიერია ოპოზიციური განწყობა. ბოლო ორ წელში რაც ხელისუფლებამ თავის თავს უქნა, ასეთი მეორე მაგალითი არც მეგულება. ამიტომაა გამორიცხული ხელისუფლებამ გაიმარჯვოს წესიერ არჩევნებში. ამათ ნამდვილად რომ სჭირდებათ ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე, ყველაფრიდან ჩანს. ისე არ არის, მოდი, ჩვენ რაც გვინდა, დავწეროთ და არ გვაინტერესებს, ვინ რას იტყვისო. საერთაშორისო ლეგიტიმაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ლეგიტიმაცია კი მხოლოდ წესიერად ჩატარებულ არჩევნებში შეიძლება მიიღონ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არჩევნები კი თუ წესიერად ჩატარდა, ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან. ასეთი დილემის წინაშე არიან. შეიძლება ახლა თავს ინუგეშებენ, რომ იქნებ რაღაც მოხდეს, მაგრამ არ მოხდება. ხელისუფლებას იმდენად ცუდი კამპანია აქვს, უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ესენი რას იზამდნენ. პრაქტიკულად შეჯიბრება იყო, ვინ უფრო ცუდად მოიქცეოდა და ხელისუფლებამ ცუდად მოქცევასა და წინასაარჩევნო კამპანიის ცუდად ჩატარებაში რეკორდი მოხსნა. ოპოზიცია ამ საქმეში ვერ შეედრებოდა, თორემ კარგად საქმე მასაც არ ჰქონია. თუნდაც ქარტიის გარშემო ვერ ჩამოყალიბდნენ ერთხელ და სამუდამოდ. გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკება ჩაიშალა და ახლა მიდის რაღაც შეხვედრები, ვიღაც იყოს თუ არა საერთო პრემიერი. ზოგი წინააღმდეგია, ზოგიც არა და ზოგიც პირიქით, ძალიან მომხრეა. არ ვარგა ასეთი რყევები წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ოპოზიციას რაც შველის, ივანიშვილი და მისი გუნდია – ისეთ რაღაცებს აკეთებენ და ისეთ რამეებს ამბობენ, ოპოზიციის შეცდომები აღარავის ახსოვს”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ჩემი აზრით, ევროპარლამენტის რეზოლუცია აბსოლუტურად არასწორი იყო და ძალიან ცუდად გამოეჩხირა ეს რეზოლუცია, სადაც არაერთი სისულელე ეწერა, მიშათი დაწყებული და სტალინით დამთავრებული. თუმცა “ოცნება” ისეთ რაღაცებს ატრიალებს, რომ ესეც კი აღარავის ახსოვს. ასე რომ, ოპოზიცია როგორ მოიქცევა, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, დიდი სისულელე არ ჩაიდინონ. ისე, ვერც ჩაიდენენ, რადგან ამაშიც ვეღარ აჯობებენ “ოცნებას”. თავად ხელისუფლებამ გააკეთა ისე, რომ მოახდინა პოლარიზება დასავლეთსა და იზოლაციას, ანუ რუსეთს შორის. ამ არჩევანში პარტიათა შორის პრობლემები, რომლებიც შეიძლება იყოს ოპოზიციაში, როგორც ჩანს, მეორეხარისხოვანია. “ოცნება” კი ამბობს, ევროპაში მივდივართო, მაგრამ მათი მომხრეები და მათი ტროლები ღიად მოიხსენიებენ ევროპას და ამერიკას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. “ფეისბუკზე” მათი ორი “გენიალური”, ასე ვთქვათ, ნაღვაწი შემხვდა – ერთი იყო ტერმინი “ევროაგენტი”, რაც სალომე ზურაბიშვილზე დაუწერიათ, და მეორე, გვერდი გაუკეთებიათ: “უსამშობლო”, ოღონდ “უსა” ინგლისური ასოებით წერია. ანუ აშკარად ჩანს დასავლეთის მიმართ დამოკიდებულება, ცალსახად ანტიამერიკული და ანტიევროპული”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.
“ვისაც დასავლეთი უნდა, ის არის დღეს ოპოზიცია – ეს არჩევანი თავად “ოცნებამ” დააყენა. როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოპოზიციის საქმე ვერ იყო კარგად და ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, არაფერი ემუქრებოდა, ვთქვი, რომ პოლარიზების შემთხვევაში ის პოლუსი წააგებს, ვინც იქნება-მეთქი, და ხელისუფლებამ თავისთვის იჩალიჩა, რომ რუსეთის მხარე ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეგონათ, არჩევანი იქნებოდა “ნაცებსა” და “არანაცებს”, ომსა და მშვიდობას შორის, მაგრამ მაინც ევროპა და რუსეთი გამოუვიდათ”, – დასძენს ზურაბიშვილი და შეკითხვაზე – “ამ ორ კვირაში რა შეიძლება მოხდეს ან ერთ, ან მეორე მხარეს?” – პასუხობს:
“არა მგონია, განსაკუთრებული რამე მოხდეს. ჩემი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმ აქციას, რომელიც 20 ოქტომბერს არის დანიშნული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი ხალხი მივიდეს, რადგან ეს შესძენს დამატებით სტიმულს. სოციალურ ქსელებში უკვე კარგად ჩანს, რომ ხალხი იჯერებს, რომ არჩევნებით შეცვლის ხელისუფლებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინიც მიდიან არჩევნებზე, ვინც აქამდე ყოყმანობდა ან შესაძლოა კონფორმისტული მოსაზრებით ხელისუფლებას უჭერდა მხარს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ვიზუალური ეფექტი, რაც 20-ში ქუჩაში გამოსულ ძალიან ბევრ ხალხს ექნება. ამაზე დიდი არგუმენტი, რომ დიახ, იცვლება ხელისუფლება, არ იქნება. მხოლოდ ორგანიზება კი არა, საჭიროა ხალხი გამოვიდეს და მგონი, გამოვა კიდეც”.
“ვისაც უნდა, შეუძლია ხელმოწერა უკან გაიწვიოს” – რას შეცვლის არჩევნების წინ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელება
“პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე აანონსებს და ამბობს, რომ ვინც ამას არ ეთანხმება, შეუძლია “ქართულ ქარტიაზე” თავისი ხელმოწერა უკან გაიწვიოს. ეს ნაწილი კი, ანალიტიკოსებს აფიქრებინებს იმას, რომ კონსულტაციების დროს, ყველა ოპოზიციური ძალა რაღაც საკითხებზე თანახმა არ იყო, “ქარტიაში” გაწერილი ზოგიერთი პუნქტით, ან ამ პუნქტების პრეზიდენტისეული ინტერპრეტაციით უკმაყოფილონი არიან, თუმცა ამის საჯაროდ გაცხადებისგან თავს იკავებენ. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლებზე? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ბევრი რამ სალომე ზურაბიშილის მიერ შერჩეული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობასა და პოტენციური მთავრობის შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვისაც უნდა, შეუძლია ხელმოწერა უკან გაიწვიოს” – პრეზიდენტის გეგმაზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა / რას შეცვლის არჩევნების წინ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელება.
“პრეზიდენტმა ტექნიკურ მთავრობის იდეაზე მრავალრაუნდიანი კონსულტაციები ოთხ ძირითადად ოპოზიციურ გაერთიანებასთან გამართა, რომელთაც 26 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვთ – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, „”ძლიერი საქართველო”, “გახარია საქართველოსთვის”. ამ თემაზე შემაჯამებელი ბრიფინგი სალომე ზურაბიშვილს 12 ოქტომბერს ჰქონდა, რის შემდეგაც “ქართული ქარტიის” ხელმომწერმა ოპოზიციურმა პლატფორმებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ “ქარტიის” ერთგულები რჩებიან, თუმცა საკუთარი მოსაზრებები ყველას აქვს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროპაში “ქარტიით” წავიდა, შეხვდა ყველა პასუხისმგებელ პირს, მათგან მიიღო პირობა, რომ “ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ “ქარტიით” მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან”. პრეზიდენტი ამბობს, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციები რჩება “ქარტიის” ბოლო ნაწილზე და ვინც დოკუმენტის სულისკვეთებას არ ეთანხმება, შეუძლია ხელისმოწერა უკან წაიღოს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რომელიმე პარტიის მიერ ხელისმოწერის უკან გაწვევა დააზიანებს ამავე პარტიის რეიტინგს და ასევე ოპოზიციის ერთობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თუმცა, მათივე შეფასებით, მეორეს მხრივ ჩნდება კითხვა, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ტექნიკური მთავრობის დასახელება არჩევნებამდე, მითუმეტეს, როდესაც ამაზე პრეზიდენტს პარტიების მხრიდან კონსენსუსი არ აქვს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბევრი რამ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატის ვინაობაზეა დამოკიდებული, რადგანაც ხშირშ ემთხვევაში პერსონალიებს ქართველი ამომრჩევლებისათვის გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ ამომრჩევლებისათვის საჭიროა უფრო გასაგებად ახსნა, თუ რატომაა მიზანშეწონილი არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელება, რადგან მოსახლეობას კითხვები უჩნდება”, – განაგრძობს გამოცემა.
“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კონკრეტულად ვის წარადგენს. ქართული საზოგადიების არჩევნებისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პერსონალიებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორი კარგი პროგრამაც არ უნდა ჰქონდეს პარტიას, თუ რომელიმე პიროვნება მისაღები არაა, საზოგადოება მას უკუაგდებს. ხელმომწერმა პარტიებმა (პრეზიდენტთან) კონსულტაციის შემდეგ განაცხადეს, რომ მთავრობის შემადგენლობა არჩევნების შემდეგ უნდა დასახელდესო. ამაში თავისი ლოგიკა იდო – თუ ოპოზიციამ არჩევნები ვერ მოიგო, მაშინ ამას აზრი ეკარგება. მაგრამ ლოგიკა არის იმაშიც, რომ თუ არჩევნებამდე დასახელებული ტექნიკური მთავრობა ისეთი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც საზოგადოება მიიღებს, ამან შეიძლება იდეის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის ნდობა გაზარდოს”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძე (“კოალიცია ცვლილებებისთვის”) “ქარტიის” სულისკვეთებას იზიარებს, “ნაცმოძრაობა” კი ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი ტექნიკური მთავრობის მიმართ და ორჭოფული პოზიცია ჰქონდათ. როგორც ჩანს, ისინი ზურაბიშვილზე ნაწყენი არიან, რომ სააკაშვილი არ შეიწყალა. შეიძლება მეორე მიზეზი იყოს, რომ მათ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომები აქვთ, რაც შეიძლება ზურაბიშვილის მიდგომებთან თანხვედრაში არ მოდიოდეს. თითქოს ადრე ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები სოლიდარულები იყვნენ, თუმცა, რადგან პრეზიდენტმა ეს საკითხი წამოსწია, თანაც საჯაროდ განაცხადა, ჩემი აზრით, ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ხელმომწერი პარტიები ბოლომდე არ იზიარებენ ტექნიკურ მთავრობაზე „ქარტიაში” მოცემულ მოსაზრებებს”, – დაასკვნის ანჯაფარიძე.
“სალომე ზურაბიშვილი აშკარად პროცესების ლიდერად გამოიკვეთა. კარგია, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომაგდენელს, ვინც ხალხის ნებას გამოხატავს, პროევროპული პოზიცია უკავია. კარგია დასავლეთირომ დავარწმუნოთ, რომ აქ წამყვანი მხოლოდ “ოცნება” არაა. ცოტა ეჭვით ვუყურებ ასეთ მთავრობის შექმნას, რადგან ერთ წელიწადში ადგილობრივი არჩევნები იქნება და თუ “ოცებას” ეცოდინება, რომ ვითარება ამ პერიოდში შეიცვლება, მეტად მობილიზებულები იქნებიან – შეეცდებიან მეტად ხელი შეუშალონ ქვეყნის აღმავლობას. მობილიზაციური რეჟიმი ექნებათ და რევანშს მოინდომებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამას კრიტიკულად ვუყურებ, ზურაბიშვილს მაინც უნდა მივყვეთ და პარტიებმა კონსენსუსი და ერთობა ბოლომდე მიიყვანონ, თუგინდ მათთვის ესა თუ ის საკითხი ეჭვებს ბადებდეს”, – თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“თუმცაღა, მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს – რატომაა საჭირო ახლა საუბარი პრემიერობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაზე. საზოგადოება იბნევა. გარკვეული ნაწილისთვის რჩება განცდა, რომ თითქოს ეს ხალხი თანამდებობებს თავიდანვე ინაწილებენ და არა ქვეყანაზე ზრუნავენ. მაინც მგონია, რომ მთავარი ლოზუნგი ჯერ ევროპისკენ სვლა, “ოცნების” გაშვება უნდა ყოფილიყო და არჩევნების მერე მთავრობის ჩამოყალიბება. არჩევნების შემდეგ უამრავი საკითხები წამოვა წინ, რომელსაც დღესვე ვერ დაგეგმავ. სულ არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებების დაწყების პროცესში თავისი გარკვეული ცვლილებები შემოგვთავაზოს და ესეც გასათვალისწინებელი უნდა იყოს”, – განაგრძობს ზაქარეიშვილი.“ხელმოწერის უკან გაწვევა არა მხოლოდ კონკრეტული პარტიის რეიტინგზე აისახება უარყოფითად, არამედ ოპოზიციაზე. აღმოჩნდება, რომ ოპოზიციაში რაღაც საკითხებზე ერთობა არაა და კერძო ინტერესები უფრო მეტადაა, ვიდრე ეს საერთო საკითხი – “ოცნების” დამარცხება. იყო კრიტიკული მოსაზრებები გიორგი ვაშაძის მხრიდან, რომელიც ენმ-სთან არის. არაა გამორიცხული, რომ ზოგადად მთლიანად პარტიას არ ჰქონდეს კრიტიკული მოსაზრება და ცალკეულ წევრებს ჰქონდეთ, მაგრამ ვიდრე ესა თუ ის პარტია ხელმოწერას არ გაიწვევს, ან პირობებს არ დააყენებს, მანამდე ასე პირდაპირ ძნელია ვინმეზე ხელი გაიშვირო”, – დასძენს ზაქარეიშვილი.
ირაკლი მელაშვილი – “ხელისუფლებამ არასწორი გათვლები გააკეთა…“
“ჩემი აზრით, ნებისმიერ საჯარო ინიციატივას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, წინასწარ საფუძვლიანი მუშაობა სჭირდება კულუარებში. პოლიტიკა არ არის მხოლოდ და მხოლოდ საჯარო განცხადებები. მაგალითად, როდესაც “ლელოსა” და გახარიას გაერთიანება შესთავაზეს, იმედი მქონდა, რომ მანამდე “მოთელვა” იქნებოდა გავლილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსგავსიც არაფერი ყოფილა. ქართულ პოლიტიკაში ძალიან ხშირად პროცესი ტელევიზიაში გაკეთებული განცხადებით იწყება, ისე, რომ შავი ანუ მოსამზადებელი სამუშაო არ არის ჩატარებული, რამაც პროცესის წარმატება უნდა განაპირობოს. ~ქარტია~ ტექნიკური მთავრობის შექმნას კი გულისხმობს, მაგრამ ქარტიაში ვადები არ წერია. ამიტომ, როდესაც წინასაარჩევნოდ აყენებ ამ თემას, ცხადია, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო… რაც შეეხება ხელისუფლებას, ყველაფერი გარკვეულია. შემდგარი არიან რაღაც გზაზე, საიდანაც ვერ უხვევენ და სისულელეს სისულელეზე სჩადიან”, აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებამ არასწორი გათვლები გააკეთა…“
“მთავარი ის არის, საქართველოს მოსახლეობა რამდენად საღად შეხედავს ამ პროცესს. ჩემი აზრით, ყველა ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – ხელისუფლება, რომელიც ასეთ სერიოზულ შეცდომებს უშვებს, რაც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა დანაშაულიც კი იყოს, უნდა წავიდეს, იმის მიუხედავად, რამდენად მოგვწონს ოპოზიცია. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ასეთ ნაბიჯებს დგამს, ამომრჩეველმა უნდა დასაჯოს. ხელისუფლებას ბოლო დროს ძალიან დაეტყო, რომ აჭრილია. საკუთარი კამპანიის გაშლაც ვერ შეძლეს. ორივე მხრიდან ძალიან უცნაური კამპანია მიმდინარეობს, ნული პოზიტივის პირობებში. თავიდან ხელისუფლება თითქოს უფრო აქტიურობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სრულიად შეიცვალა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში მარცხის გამო. მთელი საარჩევნო კამპანია საგარეო პოლიტიკური თემის გარშემო ტრიალებს. მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ევროკავშირმა, ფაქტობრივად, შეწყვიტეს ოფიციალური ურთიერთობა ჩვენი მთავრობის მაღალჩინოსნებთან, მწარე ალიყური მიიღეს რუსეთისგანაც”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში “ქართული ოცნება” ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ის არის ძალა, რომელიც რუსებთან დაალაგებს ურთიერთობას და ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, მაგრამ რუსებმა პირდაპირ თქვეს, არ ვაპირებთ 2008 წლის გადაწყვეტილების გადახედვასო – ანუ ხელისუფლებამ არასწორი გათვლები გააკეთა. ახლა რუსეთი ისეთ პოლიტიკას ატარებს, შეუძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სულ რომ მოვრიგდეთ ოსებთანაც და აფხაზებთანაც. ჯერ ერთი, რუსეთისთვის ახლა ნებისმიერი დათმობა კატასტროფის ტოლფასი იქნება და მეორე, ის ამ ტერიტორიებს წართმეულად არ განიხილავს, ფიქრობს, რომ მისია, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაიკარგა და ახლა მიაჩნია, რომ თავისას იბრუნებს. ეს ისეთი ცხადია, რომ შეუძლებელი იყო, წარმატება ამაზე გაეთვალათ, მაგრამ ძალზე უაზრო და თამამი მინიშნებები აკეთეს და მიიღეს კიდეც განცხადება რუსეთისგან, გადაწყვეტილების გადახედვას არ ვაპირებთო. იმდენად არაადეკვატური იყო “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები, რომ რუსები, რომლებიც თითქოს ამ ხელისუფლებას მხარს უჭერენ, იძულებული შეიქნენ, ეთქვათ, გაჩერდითო. “ოცნებამ” ამ გაუაზრებელი პოლიტიკით ამერიკა და ევროპაც გადაიკიდა და პუტინიც აიძულა, ეთქვა, გაჩუმდითო”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“დასავლეთთან შერბილებულ ტონზე აშკარად ეტყობათ, რომ ხვდებიან, მთლად კარგად არა აქვთ საქმე. იაზრებენ ამას თუ არა, ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან ბევრი მათგანის პოლიტიკურ ადეკვატურობაში ეჭვი მეპარება. არც იმაში ვარ დარწმუნებული, მაინცდამაინც სწორი ინფორმაცია მიაქვთ ივანიშვილთან. ეტყობა ივანიშვილის განცხადებებს, რომ გარემოცვა იმას ეუბნება, რაც მას სურს, და არა იმას, რაც რეალურად არის. ეს არის ყველა ავტორიტარული რეჟიმის უბედურება და ჩემთვის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო, როცა ში ომის დაწყების წინ პუტინმა თათბირი ჩაატარა და ვერც ერთმა ვერ გაუბედა, ეთქვა, რომ უკრაინაში შეჭრა არ ივარგებდა. უმტკიცებდნენ, რომ რუსეთის ჯარს მოსახლეობა სიხარულითა და ყვავილებით დახვდებოდა. ასეა ახლა ივანიშვილიც, მის გარშემო ყველაფერი ჩაახშვეს, ეუბნებიან იმას, რაც მას სურს და შესაბამისად, მისი განცხადებებიც აცდენილია რეალობას”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“კაცმა `სვისკაპიტალის~ ამბები დაუკავშირა იმას, რომ ჩვენ უკრაინის ომში არ ჩავებით და ამის გამო წაართვეს ფული. არადა, ყველამ ვიცით, რომ ეს ამბები რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. მერე ამაზე აიგო მთელი შეთქმულების თეორიები, გაიფუჭეს ურთიერთობა დასავლეთთან და რუსეთთანაც ვერაფერს მიაღწიეს იმ საკითხში, რის გაყიდვასაც ასე ცდილობდნენ ქართველ საზოგადოებაში – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვგულისხმობ, რაზეც ასე აპელირებდნენ დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე. ამის შედეგი ნულია და ლავროვის განცხადების შემდეგ არც რაიმე პერსპექტივა ჩანს, რომ რაიმე ნაბიჯი გადაიდგმება. არა მგონია, საქართველოს მთავრობაში იყოს თუნდაც ერთი კაცი, რომელსაც მიახლოებითი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს, რა შეიძლება გაკეთდეს ვითარების გასაუმჯობესებლად”, – დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.
“ფიზიკურად 5-6%-ზე მეტის გაყალბება ხომ შეუძლებელია? ამიტომ, თუკი ოპოზიცია მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად შეძლებს თუნდაც ისეთივე შედეგების მიღებას, რაც 2012 წელს მაშინდელმა ოპოზიციამ აჩვენა, ხელისუფლებას წასვლა მოუწევს. “ოცნება” ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების გადაწერას. ერთადერთ საშიშროებას იმაში ვხედავ, რომ ელექტრონული არჩევნების შედეგები ხელით უნდა გადაითვალოს და ამას ენიჭება უპირატესობა. ხელით გადათვლის დროს შეიძლება სხვადასხვა მექანიზმით განსხვავებული შედეგების ჩვენება და, თუკი დიდი აცილება იქნება, შესაძლოა დაიწყოს ლაპარაკი ამ უბნების ჩაშლასა და იმ უბნების შედეგების გაუქმებაზე, სადაც ოპოზიცია იგებს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. არც ის არის გამორიცხული, ეს მოხდეს არა ცენტრალიზებულად, ბრძანების გაცემით, არამედ სწორედ ადგილებზე თვითინიციატივით, რომ მათ არ დაჰბრალდეთ არჩევნების წაგება. ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ამაში ვხედავ, რომ არის დათვლის ორი მექანიზმი და უპირატესობა ხელით დათვლას ენიჭება, რაც მანიპულირების საშუალებას იძლევა”, – დასძენს მელაშვილი და შეკითხვაზე – “თუკი ასე მოხდება, პროცესები როგორ განვითარდება?” – პასუხობს:
“ნებისმიერი გაყალბების შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი გავა ქუჩაში. თუ ასე გადაწყვიტეს არჩევნების წართმევა, მოხდება ის, რაც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს – დაიწყოს დაპირისპირება და ვფიქრობ, ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი ამისთვის მზად არის. არ უნდა მივიყვანოთ საქმე აქამდე. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს – თუნდაც ისე მოხდეს, რომ ძალოვანი მეთოდებით დაიწერონ გამარჯვება, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება “ოცნებას”. მას არა მარტო პოლიტიკიდან წასვლა მოუწევს – თუკი ჯერ არჩევნებს მიიტაცებენ და მერე პროტესტს ძალით ჩაახშობენ, უკვე მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მე რომ მკითხოთ, ეს ხალხი დიდი გონიერებით არ გამოირჩევა, მაგრამ საკუთარი უსაფრთხოების შეგრძნება ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ? ასეთი რამ არავის შერჩენია და არც მათ შერჩებათ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს