სეისმურად აქტიურ ზონაში გორის ხელისუფლება მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებს ქალაქის განაშენიანების გეგმის გარეშე ერთი მეორეს მიყოლებით გასცემს. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ კორპუსებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიები აშენებენ, მათ შორის არის კომპანია – “ეი ჯი დეველოპმენტ ჯგუფი”, რომლის დირექტორიც საკრებულოს დეპუტატი გურამ კორინთელია, მესაკუთრე კი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე გიორგი ხმიადაშვილი. ამ კომპანიამ გორში, ჭალის დასახლებაში ყველაზე მაღალი, – 15 სართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვა მიიღო.
“არავინ არაფერს გვეკითხება, რასაც უნდა იმას აკეთებენ” – აცხადებს ადგილობრივი და იხსენებს, რომ გორი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მიწისძვრებით.
იმის გამო, რომ სამშენებლო ნებართვებს “ოცნებასთან” დაახლოებული პირები იღებენ, ხელისუფლების ოპონენტები სავარაუდო კორუფციაზე მიანიშნებენ და აცხადებენ რომ ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
“ჩვენი საკრებულოს წევრი გახლავთ და ხელისუფლებასთან და ოცნებასთან აქვს აქტიური კავშირი. ამიტომ არ გვიკვირს რომ სასათბურე პირობებს იღებენ და აშენებენ როგორც უნდათ და რაც უნდათ. არა და არ დაადგათ საშველი განაშენიანების გეგმის მიღებას. ეს ადამიანები უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებული არიან რუს ბიზნესმენებთან და ქართული ოცნების ჩინოვნიკებთან,” – აცხადებს გორის საკრებულოს წევრი “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ლობჟანიძე.
გორის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან მამუკა ფანიაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ არ ამტკიცებს განაშენიანების გეგმას ქალაქის მერია, რომ შემდეგ ამ გეგმის მიხედვით ასეთი ობიექტების აშენება აიკრძალება. მისი თქმით, საკრებულოს წევრის ბიზნეს-საქმიანობამ არჩევნების შემდეგ საგამოძიებო უწყებების დაინტერესება უნდა გამოიწვიოს.
ბოლო 3 წლის განმავლობაში გორში 7 ათასზე მეტი სამშენებლო ნებართვაა გაცემული. ადგილობრივი გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში სამშენებლო ნებართვები “ოცნებასთან” დაახლოებულმა სამშენებლო კომპანიებმა მიიღეს.
როგორ მიიღო სამშენებლო ნებართვა 15 სართულიანი კორპუსებისთვის, საკრებულოს წევრი გურამ კორინთელი კრიტიკული მედიის კითხვებს არ პასუხობს. გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე კი აცხადებს, რომ როგორც მას გორის ყოფილი მერის ლადო ხინჩეგაშვილისგან აქვს ინფორმაცია, განაშენიანების გეგმა მზადაა და საკრებულოში დღე-დღეზე შევა. რაც შეეხება სამშენებლო ნებართვას მაღალსართულიან კორპუსებზე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ კონკრეტული ნებართვის გაცემის მოტივი მისთვის ცნობილი არაა.
“ეს გაცემულია მერიის მიერ, ამ შემთხვევაში რა მოტივითაა გაცემული, ალბათ შესწავლილია. განაშენიანების გეგმაზე ბატონმა ლადომ მე მითხრა რომ მზადაა და დღე-დღეზე შემოიტანენ. ჩემი მიზანიცაა და ყველა გორელის რომ დროზე მივიღოთ განაშენიანების გეგმა,” – აღნიშნა დავით რაზმაძემ.
წყარო: მთავარი არხი