საქართველოში ინტერნეტი გაუმართლებლად ძვირდება – დარგის ექსპერტები და ეკონომისტები

საქართველოში ინტერნეტის ტარიფებს გაუმართლებლად აძვირებენ. ტენდენცია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო და დღემდე არაფერი შეცვლილა. ფასი კი იმდენად მკვეთრად გაიზარდა, რომ ფიქსირებული ინტერნეტისთვის თვეში თითქმის 40 ლარს მიაღწია. ეს მაშინ, როცა საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და რეგიონში ინტერნეტის ტარიფის მიხედვით ყველაზე საშეღავათო პირობები უნდა არსებობდეს. ამ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ ,,ახალმა ქსელებმა” ტარიფი 2 ლარით, მინიმალური სიჩქარის გაზრდის და გაუმჯობესების ხარჯზე გააძვირა. მანამდე კიდევ უფრო მეტად გააძვირეს მომსახურება “სილქნეტმა” და “მაგთიმ”.
სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის ტარიფის გაზრდის უკანონო ხერხი, როცა მომხმარებელთა ინტერესები იგნორირებულია. გაცილებით უარესი მდგომარეობაა კომერციული ობიექტებისთვის. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა ინტერნეტის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ქვეყნების უმეტესობა ინტერნეტის გაიაფების მიმართულებით მიდის, ჩვენთან პირიქითაა. გადასახადი მცოცავი რეჟიმით მუდმივად მატულობს.
პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა დედაქალაქში, სადაც მომსახურებას მსხვილი კომპანიები ეწევიან. ამ მხრივ საპირისპირო მოცემულობაა რეგიონებში, სადაც დემპინგის ფაქტებზეც კი ჩნდება ეჭვი, თუმცა ოფიციალურად მისი არსებობა ჯერჯერობით ვერ დასტურდება.
როგორც მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ინტერნეტის ტარიფის კუთხით თბილისსა და რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა.
“განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებს უჭირთ, რადგან არაჯანსაღი კონკურენციაა. განსაკუთრებით კომერციული სექტორისთვის არის რთული მდგომარეობა, რადგან აქ გაუმართოლებლად მაღალი გადასახადია და შეიძლება კლება.
ფიზიკური აბონენტებთან განსხვავებული ვითარებაა. თბილისში თუ ტარიფები დაახლოებით 35 ლარის ფარგლებშია, რეგიონებში დიდი ოპერატოპრების მხრიდან ხშირია მინიმალურ ფასად შეიძლება მომსახურების მიღება – 20-22 ლარის ფარგლებში, რაც არარეალური ფასია. ეს ემსახურება მიზანს, რომ ჩვენ გაგვაძეონ ბაზრიდან.
მარეგულირებელმა კომისიამ მაზე იმსჯელა, ველოდებით ახალ განკარგულებასაც, რომელიც მალე გამოქვეყნდება. მივიღეთ პირობა, რომ ეს საკითხი მოწესრიგდება. ვსაუბრობ ჩემი სეტქორის სახელით. როგორც ვახსენე, რეგიონებში ზოგ შემთხვევაში დემპინგის ნიშნებია. დადასტურებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ აქციების სახით ძალაინ დაბალი ტარიფებია შემოთავაზებული, რაც ეჭვს ბადებს”, – აღნიშნა უჩა სეთურმა.
ის, რომ ტარიფები გაუმართლებლად იზრდება და კონკურენტული გარემოც არაჯანსაღია, ეკონომისტებიც ამახვილებენ ყურადღებას და მარეგულირებლის მხრიდან ამ საკითხის მოგვარებას ითხოვენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის თქმით, ტარიფები მატულობს უსაფუძვლოდ და არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რაც ბაზარს დაასტაბილურებს.
,,საქართველოში ინტერნეტის გადასახადი არის საკმაოდ მაღალი. ჩვენთან ტარიფები უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს არის ერთგვარი პარადოქსი იმიტომ, რომ ჩვენი პროვაიდერები ყიდიან ინტერნეტს ამ ქვეყნებში. აქედანაც ჩანს, რომ გადასახადი საკმაოდ მაღალია და პანდემიიდან მოყოლებული მუდმივად იზრდებოდა. არ მომხდარა არანაირად შემცირება, რაც ალოგიკურია და არასწორად მიმაჩნია.
ფაქტობრივად ნებაზეა ბაზარი მიშვებული, ეს ჩანს იქიდანაც, რომ განსხვავებულია ტარიფები იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. კატასტროფულად ძვირია გადასახადი კომპანიებისთვის, რაც ასევე დიდი პრობლემაა. არ შემიძლია დასახელება, რამდენია იურიდიული პირებისთვის ტარიფი, ამის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. კომპანიები ამ ინფორმაციას არ იძლევიან, რასაც ხსნიან იმით, რომ ინდივიდუალურად განსხვავებულია მათი შეთავაზება. ვიმედოვნებ, რომ მარეგულირებელი ამას ყურადღებას მიაქცევს”, – ამაბობს გიორგი კაპანაძე.
ცნობისთვის, ომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაქვეყნა “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურება როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურების ფასებს ამ მხრივ საქართველო ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით – 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
აქვე ვკითხულობთ, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტრენდი ამასთან, მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად, როგორიცაა 5 გბ და ულიმიტო წუთები – ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია, 5 გბ ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი.
რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია.
წყარო: რეზონანსი