მშვიდობის დარგში ნობელის პრემია Nihon Hidankyo-ს გადაეცა

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა. ჯილდო Nihon Hidankyo-ს სახელით ცნობილ იაპონურ ორგანიზაციას გადაეცა, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების აფეთქებისას გადარჩენილებისგან შედგება.
Nihon Hidankyo-მ ნობელის პრემია დაიმსახურა „ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მიღწევის მცდელობისთვის და მოწმეების ჩვენებით იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს უნდა იქნას გამოყენებული“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ამ ჯილდოზე 197 პირი და 89 ორგანიზაცია იყო წარდგენილი.
შეგახსენებთ, მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემია ირანში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, ციხეში მყოფ ნარგეს მოჰამადის გადაეცა. მოჰამადი, ირანის რეჟიმმა, საერთო ჯამში, 13-ჯერ დააკავა, ხუთჯერ გაასამართლა და მთლიანობაში 31 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, ფიზიკური სასჯელის სახით, 154 დარტყმა მიუსაჯა.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 105 ჯილდოა გაცემული, აქედან 28 სხვადასხვა ორგანიზაციამ დაიმსახურა.
forbes.ge