ბრენდებთან, ვისთანაც საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვქონდა, დაპაუზებულია – კახა ხაზარაძე

რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, დარგში ახალი ინვესტიციების განხორციელება და კომპანიების შემოყვანა ფერხდება.
როგორც ICR-ის დამფუძნებელმა, კახა ხაზარაძემ BMG-ის განუცხადა, თუკი აქამდე საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის გამოწვევა ე.წ. რუსული კანონი იყო, ახლა მას უკვე საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებული კითხვები დაემატა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, კომპანიებთან საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეფერხებულია.
„აქამდე ვამბობდი, რომ პრობლემა „რუსული კანონი“ იყო. ახლა კი უკვე გვაქვს ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თუკი ქვეყანა დემოკრატიული გზით არ განვითარდება, დაივიწყეთ ყველა ბენეფიტი, რაც საქართველოს ევროპისაგან უნდა მიეღო. ამას ამბობს -ც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ფინანსური რესურსი, ის იაფი ფული, რაც სახელმწიფოს უნდა მიეღო, აღარ იქნება. შესაბამისად, ბიზნესი რისკებს ხედავს.
უცხოურ კომპანიებთან, ბრენდებთან, ვისთანაც საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვქონდა, ჯერჯერობით დაპაუზებულია ეს პროცესი. ვისთანაც ვმუშაობთ, 90% ევროპული და ამერიკული კომპანიებია, ისინი მეუბნებიან, რომ ბევრი სხვა ქვეყანაა, სადაც მე ბევრად ნაკლებ რისკს ვხედავ და ამიტომ შენი ქვეყნის მიმართულებით მე დროებით ვაპაუზებ განვითარებას, იმიტომ, რომ გრძელვადიანად ვერ ვხედავ განვითარების საშუალებას. ნებისმიერი ბრენდისთვის სტაბილური გარემოა საჭირო, იმ კურსისთვის კი, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, ევროპა და ამერიკა მიუღებელია, შესაბამისად, რატომ დაიწყებს ის ჩემთან მოლაპარაკებას, ეს ხომ მისთვის რისკია“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ