ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ მოძრაობა დააფუძნა – “მიზანი კორუმპირებული პროკურატურის მხილებაა”

კომპანია Ramses Yachts-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩიკვაიძემ ახალი მოძრაობა, “კორუფციის სავანე” დააფუძნა. მისი თქმით, მთავარი მიზანი საქართველოს პროკურატურის კორუფციაში მხილებაა.
“ეს გახლავთ მოძრაობა, რომელსაც ჰქვია “კორუფციის სავანე”. ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა დაიბადა, რადგან თავს ვთვლით პროკურატურის მიერ დარეკეტებულ ბიზნესად.
უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე გახდება ძალიან ბევრი ფაქტი საჯარო, რომ საზოგადოებამ უკვეთ ნახოს, ჩვენ რისთვის ვისჯებით. არა თაღლითი ელგუჯა თურმანიძის საკითხზე სალაპარაკოდ, რომელსაც ეს საერთოდ არ ეხება, ის უბრალოდ ალექსანდრე ივანიშვილის [ს ძმის] ხელის ბიჭია. ჩვენ გაგვიჩნდა აზრი, რომ დღეს გვაქვს რესურსი, სიტყვა მივაწვდინოთ საზოგადოებას. ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე. ბიზნესზე ზეწოლას აქვს სისტემური ხასიათი. ბევრ ბიზნესმენს ზეწოლის გამო უჭირდა ამ თემებზე საუბარი. ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია იქნება თარგეთირებული საგამოძიებო უწყებების და პრიორიტეტულად პროკურატურის მასალების მოპოვებით, მხილებითა და გასაჯაროებით”, – განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.
მისივე თქმით, 20 ოქტომბრიდან ს დღემდე, პროკურატურის წინ მოეწყობა ტრიბუნა და ასევე სივრცე აუდიტორიისთვის, სადაც ყოველ დღე 1 საათის განმავლობაში წაიკითხავენ და საზოგადოებას გააცნობენ 1 საქმეს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს როგორ არეკეტებს ბიზნესს პროკურატურა.
ბიზნესმენი აღნიშნულ საქმეებზე სასაუბროდ დებატებში გენერალურ პროკურორს იწვევს.
“მე, გენერალური პროკურორი საჯაროდ გამოვიწვიე დებატებში, რადგან თურმე, მისი გარემოცვა ძალიან წუხს, რომ ამ ახალ დანიშნულ ადამიანს ვერჩი, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა ჩვენი საქმის “შეკერვაში. ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომ არ გქონდეს, გამოვიწვიე დებატებში. მე ვიქნები ერთი და რადგან დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოირჩევა, შეუძლია, კიდევ ორი დამხმარე. მე მექნება ამ ხელისუფლების მიერ ბიზნესის რეკეტის 6 საკითხი, რაშიც ჩართული იყო უშუალოდ პროკურატურა. საჯაროდ ვისაუბროთ ამაზე, რომ საზოგადოებამ დაინახოს, მე ვაჭარბებ რამეს, თუ ეს ახალდანიშნული კაცი”, – ამბობს ჩიკვაიძე.
ცნობისთვის: გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, საგამოძიებო სტრუქტურების ვერსიით, Ramses Yachts-მა კომპანია „ელთ ბილდინგისთვის“ 1 155 019 ლარის ღირებულების იახტის შეძენის ვალდებულება აიღო, მაგრამ ვერ შეასრულა. თავად ბიზნესმენი კი ირწმუნება, რომ ბიზნესში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა. ის ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის გარემოცვა, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით, მასზე ზეწოლას ცდილობდა.