რუსეთის მთავრობამ 9 ოქტომბერს, ბრიანსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის დასავლეთში მდებარე ამ ოლქთან დაკავშირებით, კიევი ამბობს, რომ ღამით იქ იერიში იარაღის არსენალზე მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ ბრიანსკში დაარტყეს არსენალს, რომელშიც ინახებოდა სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებისთვის საჭირო საბრძოლო მასალა. მათ შორის, სახელდება ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული მასალა, ასევე – მართვადი რაკეტები.
თავად რუსეთში, ბრიანსკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებით, ოლქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი “ასაფეთქებელ ობიექტთა დეტონაცია” გახდა. რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უარყოფენ ორ ქვეყანას შორის შეიარაღების მიწოდებას, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ მათ შორის სამხედრო სფეროში ურთიერთთანამშრომლობა ძლიერდება.
ბრიანკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში “არსენალი” ნახსენები საერთოდ არ არის. განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ბრაიანსკის თავზე 24 დრონი გაანადგურეს.