2 %-იანი პარტიების შეკრებამ რა ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს?! – წარმოუდგენელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართულ ქარტიასა“ და ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას.
მისი თქმით, ოპოზიციას ჯერ მოსახლეობის კითხვებისთვის აქვს პასუხები გასაცემი.
„ეს არის სისულელე. არაფერი აქვთ სათქმელი და მცდელობა აქვთ, ვითომ კამპანიაში არიან. 2%-იანი პარტიების შეკრებამ რა ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს?! -წარმოუდგენელია.
პრეზიდენტს ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას? როდესაც ისინი მოსახლეობას სთხოვენ ხმა მოგვეცითო, რაზე უნდა მისცენ ხმა? ვინ იქნება პრემიერ- მინისტრი, ვინ იქნება მთავრობა, როგორია ხედვა, დახოცავენ კიდევ ხალხს ქუჩაში, გააგრძელებენ კიდევ ახალგაზრდების ხოცვას, გააგრძელებენ ბიზნესის რეკეტს, გააგრძელებენ ციხეებში ადამიანების გაუპატიურებას, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაუბედურებას? – ამაზე პასუხები აქვთ გასაცემი. მივიწყებული აქვთ ეს ყველაფერი, თითქოს თვითონ არ იყვნენ ამ ყველაფრის შემოქმედები. დღეს სახელები აქვთ გადარქმეული, ყველა არის მძიმე და ბოროტ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებულები. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია“,- განაცხადა კახა კალაძემ.