“დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, მოლაპარაკებების დაწყება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში არ შედის” – თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს სხდომამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება და ბლოკის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის, გაფართოების ახალ ნაბიჯებზე იმსჯელებს. თითოეულ გადაწყვეტილებას ყველა ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდება – თუ ერთ-ერთი მაინც არას იტყვის, 26-ის მხარდაჭერა ვერაფერს გააწყობს.
8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა, კომისიამ ასევე დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ – ანუ კავშირის ყველა სახელმწიფოს ლიდერმა ერთობლივად უნდა მიიღოს. როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ახლაც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქვეყანა სწორედ უნგრეთი და მისი პრემიერმინისტრია.
რას ამბობს ვიქტორ ორბანი?
1 დეკემბერს უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში ორბანმა ვრცლად ისაუბრა უკრაინის შესახებ უნგრეთის მთავრობის პოზიციაზე. ორბანს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან პირველ რიგში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს, რაც 5-10 წელს წაიღებს, და უკრაინის დასაფინანსებლად ბლოკის ბიუჯეტს მიღმა სხვა გზები უნდა გამოინახოს. ინტერვიუში ორბანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპული კომისია მთავრობებზე ზეწოლას ახდენს და უნგრეთს შეუძლია, რომ ამაზე ღიად ისაუბროს.
ორბანმა ღიად თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეთანხმება რთული იქნება და ამ შემთხვევაში სწორედ უნგრეთი “დაარღვევს ევროპის ერთიანობას” და შეეწინააღმდეგება ბრიუსელის ბიუროკრატების დღის წესრიგს.
“ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ერთიანობა იმით, რომ დღის წესრიგში არ დავაყენებთ ისეთ საკითხებს, რომლებზეც შეთანხმებულები არ ვართ. […] ევროკავშირი არ არის ბრიუსელში, იქ მხოლოდ ბიუროკრატები არიან. ევროკავშირი ბუდაპეშტშია, ვარშავაშია, პარიზში და ბერლინშია”. – თქვა ორბანმა.
უნგრეთის ულტრამემარჯვენე და პოპულისტ პრემიერმინისტრს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგ რამდენიმე, მისი თქმით, პრაგმატული არგუმენტი მოჰყავს. პირველ რიგში, ორბანი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ უკრაინა ამჟამად ომშია და მისი სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემა განსხვავებულად მოქმედებს, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება უკრაინა EU-ს კონსტიტუციურ და მართლმსაჯულებრივ კრიტერიუმებს.
მისივე თქმით, ახლა ასევე შეუძლებელია დადგინდეს უკრაინის ტერიტორიის რეალური საზღვრები, რაც ხელისუფლების იურისდიქციის დადგენისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. აქვე ორბანს კონტრარგუმენტად მოჰყავს მოსახლეობის გადინების პრობლემაც, რაც ასევე სამართლებრივი და ასოცირების პროცესთან დაკავშირებული პრობლემაა.
ორბანი ფრთხილად, თუმცა მაინც უსვამს ხაზს, რომ რთულად დასადგენია, უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია რამდენად დადებით გავლენას მოახდენს არსებული წევრების ეკონომიკაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორსა და ფერმერებზე. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ თუ უკრაინა ევროკავშირის ბაზარს შეუერთდება, ასიათასობით უნგრელი ფერმერი კონკურენციას ვერ გაუძლებს.
საქმე იმაშია, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია. შესაბამისად, უკრაინის მისაღებად ევროკავშირს მოუწევს გადახედოს მის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას და დაიწყოს ინდუსტრიული სექტორის რეფორმა. ეს დიდ გავლენას მოახდენს ფინანსური რესურსების და სუბსიდიების გადანაწილებაზე წევრ ქვეყნებს შორის. რამდენიმე ქვეყანა ბლოკის ბენეფიციარებიდან კონტრიბუტორის პოზიციაზე გადასვლას შეძლებს, მაგრამ ამასთან საფრთხეს შეუქმნის გაზრდილ ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას. გაფართოების შემდეგ, კავშირის წილი ხორბლის გლობალურ ექსპორტში დაახლოებით 30% იქნება, რაც ევროკავშირს მსოფლიო ბაზარზე დომინანტურ მოთამაშედ აქცევს, თუმცა მისი დიდი ნაწილი სწორედ უკრაინაზე მოვა. უკრაინის ბაზრის ძლიერი ნაწილებია სამთამადნო მრეწველობა და IT სექტორიც.
ორბანი ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაციის წინსვლა მის მეტად დაფინანსებას ნიშნავს, ამის რესურსი კი ევროკავშირს არ აქვს, შესაბამისად, რესურსი ცენტრალური ევროპის ქვეყნებს მოაკლდება. უნგრეთი ასევე ხაზს უსვამს უკრაინაში უმცირესობების უფლებების პრობლემასაც და სწავლების ენის შესახებ მიღებულ კანონს, რაც უკრაინაში გასატარებელი რეფორმების ახალ სიაში ევროკომისიამაც შეიტანა.
დაფინანსების საკითხი ერთ-ერთი მთავარია, რომელსაც ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იდეოლოგიურ მხარდაჭერას ყველაზე მარტივად უკავშირებდა. ორბანი ხშირად მოუწოდებდა ევროკავშირის ლიდერებს და კვლავ იმეორებს, რომ “ომის დაფინანსების ნაცვლად, ცეცხლის შეწყვეტა დააფინანსონ”. პარალელურად ორბანის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების თითოეული პაკეტის შეთანხმებას აჭიანურებდა. ევროკავშირში რუსეთთან ყველაზე დაახლოებულ ლიდერად მიჩნეული ორბანი ოქტომბერში შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც. პარალელურად, წლის განმავლობაში უნგრეთი აჭიანურებდა NATO-ში შვედეთის გაწევრიანებასც.
უნგრეთის მთავრობის პოზიციას უპასუხა ევროკომისიის წარმომადგენელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისია არ ეთანხმება ორბანის განცხადებას უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ, სადაც ორბანმა პროცესს “უსაფუძვლო და არასათანადოდ მომზადებული” უწოდა.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინამ საოცრად იმუშავა. ჩვენ გავეცით რეკომენდაციები მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და ახლა გადაწყვეტილების მიღება წევრ ქვეყნებზეა”. – თქვა ანა პისონერომ.
ორბანის მთავრობა უკვე დიდი ხანია უკრაინის მიმართ ანტაგონისტურ დამოკიდებულებას იჩენს, თუმცა, შესაძლოა, რომ ამგვარი პოლიტიკის მიზეზების ძებნა ვიქტორ ორბანის სიტყვებს მიღმა უფრო მართებული იყოს.
რა სურს სინამდვილეში უნგრეთს?
ამჟამად ევროკავშირის გაყინული აქვს უნგრეთისთვის გამოყოფილი €22 მილიარდის დაფინანსება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაამტკიცებს, რომ გაატარა რეფორმები ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით – კერძოდ, ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოსამართლეებისა და აკადემიკოსების დამოუკიდებლობა, LGBT+ თემის უფლებები და სხვა.
ნოემბერში ორბანმა ევროპულ საბჭოს მოსთხოვა უკრაინის მიმართ პოლიტიკის გადახედვა და დაიმუქრა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებდა უკრაინისთვის დაგეგმილი €50 მილიარდის დახმარების გაცემას, რაც ჩრდილს მიაყენებდა კიევის მიმართ ბლოკის მხარდაჭერის “ურყეობას”. მუქარის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბუდაპეშტში დაუგეგმავად ჩავიდა და ვიქტორ ორბანს შეხვდა.
მიუხედავად ამისა, ორბანი კვლავ აქტიურად და ღიად ეწინააღმდეგება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გადაცემას, რაც შეიძლება არაპირდაპირი შანტაჟის მცდელობად ჩაითვალოს. უნგრეთს სურს უკრაინის დახმარების მხარდაჭერა მისთვის გაყინულ დაფინანსებაში გაცვალოს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის დახმარების აღნიშნული პაკეტი ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის (€1.1 ტრილიონი) ნაწილია, მის დასამტკიცებლად კი ბლოკს კვლავ ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.
უნგრეთი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ გაყინულ სახსრებს არ აკავშირებს სხვა საკითხებთან, მაგრამ ბრიუსელში ბევრი მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენების მუქარა უკრაინის ფინანსურ დახმარებასთან და გაწევრიანების მოლაპარაკებებთანაა დაკავშირებული და ორბანის მიერ ბლოკის შანტაჟის მცდელობას წარმოადგენს.
უნგრეთი ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა, თუმცა ევროსკეპტიკური პოზიციების გაღრმავება 2010 წელს ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას მოჰყვა. უნგრეთის პოზიციებს ბლოკის წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები ეწინააღმდეგებიან და იმასაც ახსენებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისას უნგრეთიც ისევე არ იყო სრულად მზად, როგორც ახლა უკრაინაა.
ნოემბერში ორბანმა ასევე წამოიწყო “ეროვნული კონსულტაციები”, ერთგვარი არასავალდებულო რეფერენდუმ-გამოკითხვა, რომელიც უკრაინის მიმართ ევროკავშირის დახმარებას და უნგრეთისთვის დაფინანსების განახლებას ეხებოდა. პარალელურად უნგრეთი მოცულია ევროსკეპტიკური სარეკლამო-პოლიტიკური კამპანიით, რომლის ფარგლებშიც ვრცელდება პლაკატები ევროკომისიის პრეზიდენტის, ურუსლა ფონ დერ ლაიენის გამოსახულებით. პლაკატებზე ლაიენი ღია საზოგადოების ფონდის თავმჯდომარის, ჯორჯ სოროსის ვაჟის, ალექსანდრე სოროსის გვერდითა და დატანილია წარწერა – “მოდით, ნუ ვიცეკვოთ იმ მელოდიაზე, რომელსაც ისინი უკრავენ!” ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ უკრაინის მიმართ ორბანის წინააღმდეგობა და არაპირდაპირი შანტაჟის ნიშნები მოლაპარაკების ერთგვარი ტაქტიკაა.
რა გავლენა აქვს ამას საქართველოზე?
ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წყაროებზე დაყრდნობით საუბრობდა უნგრეთის მიერ გაჟღერებულ პირობაზე, რომ მხარს არ დაუჭერდნენ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებდა. განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის ურთიერთობა გააქტიურდა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისთვის კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირში მისი მსგავსი იდეოლოგიის მქონე ახალი მოკავშირისთვის სტატუსის მინიჭებას აქტიურად დაუჭერს მხარს, თანაც გარკვეული ვაჭრობის გზით.
ოქტომბერში საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს პირადად უმასპინძლა და უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადასვლა გამოაცხადა. ბოლო წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა და ორბანმა არაერთი ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე და პოპულისტური გზავნილი და ტრიბუნა გაიზიარეს. ორბანმა საკუთარ თავს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების “ყველაზე ერთგული მხარდამჭერიც” არაერთხელ უწოდა და მუდმივად იმეორებდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატობის “უსამართლოდ” არმინიჭებამ “ძალიან გააბრაზა”.
უნგრეთი და საქართველო ასევე იზიარებენ დასავლეთისგან განსხვავებულ ხედვას პარტნიორი ქვეყნების შესახებაც. ორბანის თქმით, “ბრმასაც კი შეუძლია დაინახოს”, რომ ახლა მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებული ნაწილი სწორედ აღმოსავლეთით მდებარეობს და ამიტომ მასთან ეკონომიკური თანამშრომლობა უნგრეთის ეროვნული ინტერესია. ეს არგუმენტი ნაცნობია საქართველოს მთავრობისთვისაც, რომელმაც 2023 წლის ზაფხულში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაც გააფორმა.
როგორც ჩანს, საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა ასე თუ ისე მართლაც შედის ვიქტორ ორბანის გეგმაში და ჩვენი ადგილი მისი პოლიტიკური შანტაჟის ბადეშიც მოიძებნება, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ რა მოტივი აქვს ამ მხარდაჭერას და რამდენად სასარგებლოა ის საქართველოს მომავლისთვის – თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ის კვლავ გაგრძელდა, გვახსოვს, რომ უნგრეთმა 2022 წელს მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც დაუჭირა, თუმცა დღეს სურათი შეცვლილია.
ევროკავშირს ხელები შეკრული აქვს?
ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ გამოწვეული არაერთი პრობლემის შემდეგ ევროკავშირში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი საუბრობს შესაძლო გამოსავალზე. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ბლოკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ოქტომბერში ორბანასაც კი მიმართა, რომ “უნგრეთს არავინ ავალდებულებს ევროკავშირის წევრი იყოს”. ეს მინიშნება იყო იმისკენ, რაც ევროკავშირში აქამდე მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წესდების მე-7 მუხლში არსებობს ჩანაწერი, რომ თეორიულად შეიძლება ქვეყანა ბლოკის წევრად დარჩეს, თუმცა სხვა სახელმწიფოების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მან შესაძლოა ყველა უფლება და პრივილეგია დაკარგოს. ე.წ. ატომური ვარიანტი შემაკავებელ ძალად იყო ჩაფიქრებული, რომელიც წესდებას 2004 წელს ბლოკის ყველაზე მასშტაბური გაფართოების დროს დაემატა. პროცედურა მოიცავს მათ შორის ევროპულ საბჭოზე ვეტოს უფლების ჩამორთმევასაც, თუმცა მის ასამოქმედებლად უნდა დადგინდეს ეწინააღმდეგება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და არგუმენტი ყველა წევრმა ქვეყანამ ერთსულოვნად უნდა გაიზიაროს.
ევროკავშირში არსებობს ე.წ. ატომური ვარიანტის გამოყენების მცდელობის პრეცედენტები, თუმცა ის ყველაჯერზე რეგიონული ან იდეოლოგიური სოლიდარობის გამო ვერ შედგა – პირველად მუხლი 2017 წელს პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო რეფორმის გამო ამოქმედდა, რომელსაც ვეტო უნგრეთმა დაადო. 2018 წელს პროცესი უნგრეთის წინააღმდეგ დაიწყო ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის გამო, მაგრამ ვეტო ამჯერად პოლონეთმა გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში ორბანის მეგობარი ევროსკეპტიკური მთავრობა ოქტომბრის არჩევნებზე შეიცვალა, უნგრეთის ხელისუფლებას ახალი მოკავშირე სლოვაკეთის ნაციონალისტი მთავრობის სახით გაუჩნდა, რომელსაც ასევე უწოდებენ “კიდევ ერთ ეკალს უკრაინის თვალში”.
მიუხედავად ამ შესაძლებლობის არსებობისა, ევროკავშირის ლიდერები თვლიან, რომ ამგვარი პროცესი ტოქსიკურ პრეცედენტს შექმნის და ბლოკის ფრაგმენტაციას გამოიწვევს, თანაც იმ პირობებში, როცა უნგრეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირში ქვეყნის დარჩენის მომხრეა. ამიტომაც ერთადერთ რეალისტურ გამოსავლად კომპრომისის ძიება და შესაბამისად, პირდაპირ თუ არაპირდაპირ უნგრეთის შანტაჟზე წამოგება რჩება.
წყაროების თანახმად, ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინისთვის გამოყოფილი €50 მილიარდის 2024-27 წლებზე გადანაწილება განიხილება, თუმცა ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რა შედეგი ექნება ამგვარ კომპრომისს და რას შეცვლის ის გაწევრიანების პროცესის შეფერხების მცდელობაში.
როგორც ჩანს, ევროკავშირს ამჟამად უნგრეთის პრობლემასთან დაკავშირებით ხელები შეკრული აქვს. მას არ შეუძლია დაფინანსების განახლება საჭირო რეფორმების გარეშე, თუმცა, მეორე მხრივ, ბრიუსელს აუცილებლად სჭირდება უნგრეთის ხმა გაფართოების პოლიტიკის წინსვლისთვის. ბევრის აზრით, ეს სხვადასხვაგვარად ცუდი ამბავია უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომელიც ბლოკში გაწევრიანების იმედი აქვს.
გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა ანონიმურად თქვა, რომ ბლოკი დეკემბერში “დიდი კრიზისკენ მიდის” და 14-15 დეკემბრის სხდომა, შესაძლოა, “ერთ-ერთი ყველაზე რთული ევროპული საბჭოს გახდეს”.