ვინ შექმნა ბიტკოინი? – HBO-ს გამოძიება სატოში ნაკამოტოს შესახებ

ვინ შექმნა ბიტკოინი? – ეს ის შეკითხვაა, რომელიც უკვე დიდი ხანია მთელ მსოფლიოს აწუხებს. ერთი შეხედვით, ცნობილია, რომ ბიტკოინის შემოქმედი სატოში ნაკამოტოა, თუმცა თავად ეს სახელი ანონიმური ფსევდონიმია და მის მიღმა ვინ დგას, ზუსტად არავინ იცის. შესაძლოა, სატოში ერთი ადამიანი იყოს, ან დეველოპერთა ჯგუფი. ასევე, არ არის გამორიცხული, ამ ფსევდონიმის მიღმა რომელიმე ორგანიზაცია, კომპანია ან სახელმწიფო იმალებოდეს. საერთო ჯამში, ეს კრიპტოინდუსტრიის უდიდესი საიდუმლოა, რომელიც, ყველასათვის სჯობს, რომ საიდუმლოდვე დარჩეს.
მიუხედავად იმისა, რომ სატოშის ვინაობის გამჟღავნება არავის სარგებელს არ მოუტანს, ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაცია მაინც არ წყდება. ცოტა ხნის წინ, HBO-მ სატოშის ვინაობასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა და დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით: „ელექტრონული ფული: ბიტკოინის საიდუმლო“. აღნიშნულმა ფილმმა მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, რადგან HBO-ს გუნდმა სატოში ნაკამოტოდ ახალი ეჭვმიტანილი დაასახელა – კანადელი დეველოპერი, პიტერ ტოდი, რომელიც ბიტკოინის პროექტზე თითქმის პირველივე დღიდან მუშაობს და ბიტკოინის ბლოკჩეინის ერთ-ერთი ფუძემდებელი მამაა.
როგორც HBO-ს დოკუმენტურ ფილმში ამტკიცებენ, ტოდის წერის მანერა, ლექსიკა, მუშაობის განრიგი და ქცევა ზუსტად ემთხვევა სატოშის ქმედებებს. სატოშის ცხოვრების განმავლობაში არცერთი საჯარო ინტერვიუ არ ჩაუწერია და არც Op-ed-ის ტიპის ვრცელი სტატიები გამოუქვეყნებია, თუმცა მის შესახებ მაინც ვიცით რამდენიმე რამ, რაც, ძირითადად, დეველოპერების ფორუმზე მისი კომენტარებიდანაა ცნობილი. სწორედ ამ კომენტარებზე დაკვირვებას ეყრდნობა HBO, რადგან 2010 წლის 10 დეკემბერს სატოშის მიერ დაწყებული წინადადება პიტერ ტოდმა საკუთარი ანგარიშიდან დაასრულა, თითქოს, მას სატოშის ანგარიშის გადართვა დავიწყებოდა და ფორუმზე ბოლო აბზაცი პირადი ანგარიშიდან დაეწერა. ცხადია, ეს მყარი მტკიცებულება ვერ იქნება, რადგან ადამიანმა ისიც შეიძლება იფიქროს, რომ ტოდმა უბრალოდ სატოშის მიერ დაწყებული აზრი დაასრულა და ბოლო წინადადება დაწერა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან სატოში და ტოდი ბიტკოინის პროექტზე ერთად მუშაობდნენ.
HBO-ს გამოძიება სხვა გარემოებებზეც მიუთითებს, მათ შორის იმაზე, რომ ფორუმზე დეველოპერებს შორის კამათისა და საჯარო განხილვის პროცესში სატოშისა და ტოდს ყოველთვის ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ და თან მათი არგუმენტები თითქმის იდენტური იყოს, თითქოს, ორივე ტექსტს ერთი ადამიანი წერდა.
საინტერესოა, რომ HBO-ს გამოძიებას პიტერ ტოდი მალევე თავად გამოეხმაურა და საჯაროდ განაცხადა, რომ ის სატოში ნაკამოტო არ არის. ტოდი აღიარებს, რომ ის ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი დეველოპერია და ამ პროექტზე უკვე დიდი ხანია მუშაობს, თუმცა ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის ბიტკოინის შემოქმედია. ასევე, ტოდი იმასაც ამბობს, რომ ის სატოში ნაკამოტოს პირადად არ იცნობს, რადგან ბიტკოინის შემოქმედი ანონიმურობას საკუთარი გუნდის წევრებთანაც კი ბოლომდე ინარჩუნებდა, რათა ციფრული ფულის პროექტს საფრთხე არასოდეს შეჰქმნოდა. ტოდის თქმით, სატოშის ძებნა უნდა შეწყდეს, რადგან ჩვენ ყველანი სატოში ვართ – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინი ყველას ეკუთვნის და თან – არავის.
bm.ge