„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტია შეახო ზონდერებს, რომლებმაც იძალადეს და სცემეს ქალები, ბავშვები და მოხუცები, როდესაც ისინი “რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ. ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის მიერ მიღებულ “ამნისტიის შესახებ” კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ამნისტია ანალიზზე დაფუძნებული არ ყოფილა და მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი უსამართლოა.
ამასთან, მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრალდებულები მოატყუა, რადგან იმდენი არ გამოუშვიათ საპატიმროდან, რამდენზეც იყო დაპირება.
“ამნისტიასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილსა და ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს შორის შეთანხმება მოხდა, რომ ამნისტია ზონდერებს შეხებოდათ. მათ ამნისტია იმ ზონდერებს შეახეს, რომლებმაც იძალადეს და სცემეს ქალები, ბავშვები და მოხუცები, როდესაც ისინი “რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ. ეს წინასწარ იყო შეთანხმებული, გარიგებაში მონაწილეობდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროკურატურაც. როდესაც ჩვენ მათ მივმართეთ, სამწუხაროდ, მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. სამწუხაროდ, დღეს ძალადობას ყველა საგამოძიებო უწყება მფარველობს. ამნისტია ანალიზზე დაფუძნებული უნდა ყოფილიყო. კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იყო მუხლები არჩეული. კომიტეტზე “ოცნების” წარმომადგენლები ისხდნენ და პოლიტიკური გემოვნებით მუხლებს ამატებდნენ და აკლებდნენ. ბრალდებულები მოატყუეს, იმდენი ბრალდებული არ გამოუშვიათ ციხიდან, რამდენიც უნდა გამოეშვათ და დაპირდნენ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.